petriwis portali

ქართული ფილოსოფიის ნესტორი

ქართული ფილოსოფიის ნესტორი

30.01.2021

2021 წლის 30 იანვარს გურამ თევზაძეს (1932-2018 წწ.) 89 წელი შეუსრულდებოდა. ეს თარიღი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან საქმე ეხება იმ ყაიდის მოაზროვნეს, რომლის შემოქმედებაც უაღრესად მნიშვნელოვანია როგორც ქართული ფილოსოფიისთვის, ასევე, ფილოსოფიისთვის საერთოდ. ჩვენ უღრმესი მადლიერების გრძნობით ვიხსენებთ გურამ თევზაძეს, რომლის ნაშრომებმაც დიდად გაამდიდრა ქართული ფილოსოფია და მისი სამომავლო განვითარების ნაყოფიერი ტენდენციებიც დასახა. მან, ასევე, დიდი წვლილი შეიტანა ქართველ ფილოსოფოსთა მთელი რიგი თაობების მეცნიერულ განვითარებაში.

გურამ თევზაძეს სავსებით სამართლიანად ეწოდა „ქართული ფილოსოფიის ნესტორი“ (იხ. თ. ირემაძე, ჰ. შნაიდერი: „ქართული ფილოსოფიის ნესტორი“, წიგნში: გ. თევზაძე, ებრაელ ფილოსოფოსთა ინტერპრეტაციები საქართველოში, თბილისი: „ნეკერი“, 2017 წ., გვ. 7-8). საყოველთაოდ ცნობილია, რომ იგი ექვსი ათეული წლის განმავლობაში ქართული ფილოსოფიური ცხოვრების აქტიური მონაწილე და მისი წარმმართველიც კი იყო. ფილოსოფიის ისტორიის სიღრმისეული ცოდნა გურამ თევზაძის თეორიულ შემოქმედებაში ორიგინალურად იყო შერწყმული ფილოსოფიური პრობლემების სისტემური ანალიზის უნართან. ამას ნათლად აჩვნებს მისი ფუნდამენტური ნაშრომები, რომლებშიც ფილოსოფიის ისტორია განხილულია მისი საკვანძო პრობლემებისა და საკითხების ჭრილში.

გურამ თევზაძის კვლევისა და სწავლების სფეროები იყო: ფილოსოფიის ისტორიის დიდი ეპოქები, ქართული ფილოსოფია, თანამედროვე ფილოსოფია, ასევე, ფილოსოფიის კლასიკური ტექსტები და სხვ. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მიმართება გერმანულ ფილოსოფიასთან, კერძოდ კი, კანტთან, ჰეგელთან, ნეოკანტიანელებთან, ნიკოლაი ჰარტმანთან, კარლ იასპერსთან და მარტინ ჰაიდეგერთან. გურამ თევზაძემ ქართულად თარგმნა გერმანული ფილოსოფიის არაერთი მნიშვნელოვანი ტექსტი, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია თანამედროვე ფილოსოფიის ერთ-ერთი ურთულესი ტექსტი, მარტინ ჰაიდეგერის „ყოფიერება და დრო“, რითაც მან ახალ საფეხურზე აიყვანა საქართველოში ჰაიდეგერის შემოქმედების შესწავლის პროცესი, რაც, ასევე, წარმოუდგენელი იქნებოდა მისი ფილოსოფიური გამოკვლევების გარეშე.

ასევე განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს გურამ თევზაძის მიმართება დიდი ქართველი ფილოსოფოსის, იოანე პეტრიწის პიროვნებისა და შემოქმედებისადმი. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ თავისი წარუშლელი კვალი გაავლო პეტრიწის ფილოსოფიის ადეკვატური შესწავლისა და გაგების საქმეში. ამის გათვალისწინებით ქართველ მკითხველს ვთავაზობთ გურამ თევზაძის ერთ-ერთ უცნობ პუბლიკაციას, რომელიც სწორედ იოანე პეტრიწს ეხება - „წიგნი იოანე პეტრიწის შესახებ“ („ახალგაზრდა კომუნისტი“, 7 მარტი, 1961 წ.). წინამდებარე ტექსტში გურამ თევზაძე განიხილავს იოანე პეტრიწის ფილოსოფიის იმ ინტერპრეტაციას, რომელიც ქართული ფილოსოფიისა და პეტრიწის შემოქმედების ცნობილ ქართველ მკვლევარს - შალვა ხიდაშელს (1911-1994 წწ.) ეკუთვნის. გურამ თევზაძის ტექსტი ნათლად აჩვენებს იოანე პეტრიწის შემოქმედების კვლევის მიმართულებებს, რომლებსაც დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა. იოანე პეტრიწის მკვლევარს მრავალი წინააღმდეგობის დაძლევა უხდება, რადგან მისი ნააზრევი, ერთი მხრივ, განხილული უნდა იქნეს შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიის ჭრილში, მეორე მხრივ, გათვალისწინებული უნდა იქნეს პეტრიწის მიერ წამოჭრილ საკითხთა ინტერკულტურული კონტექსტიც. გურამ თევზაძის წინამდებარე ტექსტი, მიუხედავად იმისა, რომ ექვს ათეულ წელს ითვლის, ამ მხრივაც უაღრესად საინტერესოა. გარდა ამისა, ეს ტექსტი XX საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ ფილოსოფიურ ისტორიოგრაფიაში არსებული კვლევითი მიმართულებებისა და ტენდენციების ამსახველი დოკუმენტიცაა.

პეტრიწის პორტალის სარედაქციო კოლეგია

 

გურამ თევზაძე - წიგნი იოანე პეტრიწის შესახებ (1961 წ.)

დოც. შ. ხიდაშელი წიგნში „იოანე პეტრიწი“ (თბ., 1956 წ.), რომელიც საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიამ გამოსცა, მიზნად ისახავს იოანე პეტრიწის მოღვაწეობის კვლევას, მაშინდელ ქართულ და ასევე მსოფლიო ფილოსოფიური აზროვნების განვითარებასთან ჭიდილში.

წიგნის პირველი თავი XI-XII საუკუნეების საქართველოს სოციალ-ეკონომიურ, პოლიტიკურ და კულტურულ მდგომარეობას ეხება. საქართველოში იდეოლოგიურ მიმართულებათა მდგომარეობის ანალიზი ძირითადად მოცემულია წიგნის II თავში. როგორც ცნობილია, ეს განვითარების ის პერიოდია, როცა რელიგიამ დაიმორჩილა საზოგადოებრივი ცნობიერების ყველა სხვა ფორმა. ეს გარემოება გარკვეულ სიძნელეს ქმნის აღნიშნულ მოვლენათა კვლევის პროცესში, რადგან აქ ერთი შეხედვით ყველაფერი ქრისტიანობის სამსახურშია ჩაყენებული.

განიხილავს რა ორი საპირისპირო მსოფლმხედველობის ბრძოლას, ავტორი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ აქ პროგრესული იდეოლოგიური მიმართულებანი თავიანთ გამოხატულებას ძირითადად ნახულობენ არა ფილოსოფიურ ტრაქტატებში, არამედ ლიტერატურისა და ხელოვნების ძეგლებში.

წიგნის მეოთხე თავი ეხება საკითხს, თუ როგორ აისახა პეტრიწის ფილოსოფიაში ორი მსოფლმხედველობის ბრძოლა და რა გადაწყვეტა მიიღო ფილოსოფიის ძირითადმა საკითხმა. იმ ეპოქაში ფილოსოფია თეოლოგიის მსახურად ითვლებოდა. ამ თვალსაზრისს იზიარებდა პეტრიწიც. იგი ღმერთის (ერთის) ლოგიკური გზით დასაბუთებას ცდილობს. ანტიკურობის არსენალიდან მან ამ მიზნისათვის პროკლე აირჩია. პეტრიწი ცდილობდა დაესაბუთებინა, რომ ერთი სინამდვილის უმაღლესი საფუძველია, როგორც გენეტიკურად ისე ლოგიკურად. ერთი სრულყოფილი, უმაღლესი, მარტივი და უცვლელია, ყველაფერი დანარჩენი შედგენილი, ცვალებადი და წარმავალი. ღმერთიდან წარმოიშობა სამყარო დაღმავალი იერარქიით. ეს დაღმავალი რიგი არის ღვთაებრივი ძალისა და ღირებულების თანდათანობითი კლების მაჩვენებელი. გრძნობადი ქვეყანა ამ რიგის უმდაბლესი საფეხურია და აქ წყდება ღვთის შემოქმედებითი ძალა. ამ რიგში ყოველი საფეხური წინამავალის აუცილებელი შედეგია და შემდგომის მიზეზი. ცხადია, პირველი და უკანასკნელი საფეხურები გამონაკლისს შეადგენენ.

პეტრიწი არ კმაყოფილდება მხოლოდ დაღმავალი გზის ჩვენებით, იგი იხილავს აღმავალ გზასაც - ქვეყნიდან ღმერთისკენ. ეს შემეცნების გზაა. შემეცნება არის ღმერთისადმი მისწრაფების დაკმაყოფილება. ამიტომ შემეცნების საგანი და მისწრაფების საგანი ერთი და იგივეა.

ავტორის აზრით, მხოლოდ ამ მხრივ განხილული პეტრიწის ფილოსოფია არაფრით ეწინააღმდეგება გაბატონებულ მსოფლმხედველობას. მაგრამ თუ პეტრიწის მიერ ფილოსოფიის ძირითადი საკითხის გადაწყვეტას მივაქცევთ ყურადღებას, მაშინ საქმე სულ სხვაგვარად შეტრიალდება. იმ ფილოსოფიური სისტემის მიხედვით, რომლის თვალსაზრისზეც პეტრიწი იდგა, გამორიცხულია დროის მომენტი ზემოთ ნახსენებ საფეხურთა მიმართულებიდან და ამდენად სამყარო და ღმერთი თანადროულნი გამოდიან.

მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დროის მომენტის გარეშე გააზრება ფილოსოფიაში ნეოპლატონიზმის შენაძენია, რომელიც პეტრიწმა გაიზიარა და ავტორი სრულიად სამართლიანად ხედავს მასში ძირითად რგოლს პეტრიწის მსოფლმხედველობის გასარკვევად. მართლაც, სამყაროსა და ღმერთის თანამარადიულობის დებულება ზღუდავს ღმერთის აბსოლუტურობას და თავისუფალ ნებას: ზღუდავს ფანტასტიკას და მისტიკას და მათ ადგილას აუცილებლობას სვამს. ეს კი შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც ბუნების დამოუკიდებელი მნიშვნელობის, მისი უფლებების რეაბილიტაციის მოთხოვნა. ამ დებულების სისწორის დასასაბუთებლად ავტორი იხილავს პეტრიწის ნაწარმოების მე-40 თავს, სადაც ლაპარაკია სამყაროში რიგთა საწყისების („სირანი მთავართანი“) მარადიულობის, შეუქმნადობისა და სრულყოფილების შესახებ. რიგთა საწყისებად პეტრიწი ასახელებს პირველ სულს, პირველ ბუნებას და აგრეთვე პირველ სხეულს. ეს უკანასკნელი „საწყისია სიმრავლეში მოცემული სხეულებისა“. იგიც, სხვა მიზეზთა გვერდით, წარმოადგენს სიკეთისა და სილამაზის წყაროსაც. აქ უკვე ნათელია პეტრიწის რადიკალიზმი და მისი დაპირისპირება გაბატონებული მსოფლმხედველობისადმი. აქედან გასაგებია ავტორის მტკიცება იმის შესახებ, რომ პეტრიწს სდევნიდნენ მაშინდელი დოგმატიკოსები, ხოლო დევნის მიზეზი იყო მისი თეორიული შეხედულებანი.

ვერავინ უარყოფს, რომ ეს აზრები ღვთისა და სამყაროს თანამარადიულობის დებულებიდან აუცილებლობით გამომდინარე დასკვნებია, მაგრამ წიგნი მხოლოდ მოიგებდა, ავტორს რომ ეპასუხა რამდენიმე კითხვაზე, რომლებიც აუცილებლობით დგებიან მკითხველის წინაშე: გაცნობიერებული ჰქონდა თუ არა პეტრიწს წინააღმდეგობა თავისი ფილოსოფიის ორ ზემოაღნიშნულ მხარეს შორის? ხომ არ ცდილობდა იგი, თუნდაც საკუთარი ძირითადი დებულებების წინააღმდეგ, ადგილი მიეცა ქმნადობის ცნებისათვის, როგორც ამას აკეთებდა მისი თანამედროვე, ცნობილი ფილოსოფოსი ავიცებრონი. ამასთან დაკავშირებით საინტერესო იქნებოდა განგვეხილა პეტრიწის რამდენიმე დებულება.

  1. როცა პეტრიწი ლაპარაკობს რიგთა საწყისების მარადიულობაზე, იგი ჩქარობს დაამატოს, რომ ისინი მარადიულნი, უმიზეზო და სრულყოფილნი არიან მხოლოდ იმ საგნებთან მიმართებაში, რომელთაც თვით წარმოშობენ (იხ. პეტრიწი, ტ. II, გვ. 96). ამასთან დაკავშირებით პეტრიწი იცავს საინტერესო მოსაზრებას მიზეზისა და მიზეზთა განსხვავების შესახებ. მიზეზები საგანთა მხოლოდ განსაზღვრულ რიგს წარმოშობენ, ისინი სპინოზას „თავის გვარში უსასრულოს“ გვაგონებენ. მიზეზი კი მხოლოდ ერთია (ღმერთი), მხოლოდ იგია მიზეზთა თვით უმიზეზო მიზეზი. (იქვე, გვ. 95).
  2. სამყაროსა და ღმერთს შორის მიზეზ-შედეგობრივი დამოკიდებულება მათ შორის აუცილებელ კავშირზე მიუთითებს და უარყოფს მათ აბსოლუტურ დაპირისპირებულობას, რადგან, ჩვეულებრივ, მიზეზი გადასცემს თავის თვისებებს შედეგს. მაგრამ პეტრიწს აქაც შესწორება შეაქვს. მისი აზრით, აღნიშნული მიმართება არ ასახავს ღმერთის და სამყაროს დამოკიდებულებას. ის აცხადებს, რომ ერთი (ღმერთი) თავის თვისებებს არ გადასცემს შედეგებს და ეს არაა შემთხვევითი განცხადება. ამ პრინციპს ეყრდნობა ე.წ. „ნეგატიური დიალექტიკის“ არსებობა (გვ. 96, 39).
  3. ღმერთის გულისათვის პეტრიწი იერარქიის საფეხურებსაც არ ინდობს, როდესაც იგი ლაპარაკობს რომელიმე საფეხურის მიზეზზე, აუცილებლად უმატებს, რომ იგი წარმოშობილია აგრეთვე ღვთისაგანაც (გვ. 95). აქ მხოლოდ მიზეზობრივი ჯაჭვი რომ იგულისხმებოდეს, მაშინ პეტრიწს მიზეზებად უშუალო მიზეზთან ერთად იერარქიის ყველა წინამავალი საფეხურიც უნდა დაესახელებინა.

ვიმედოვნებთ, რომ ამ საინტერესო წიგნის შემდგომ გამოცემაში ან ავტორის სხვა შრომებში მკითხველი ამ კითხვებზეც მიიღებს პასუხს.