XX საუკუნის გავლენიანი ამერიკელი მოაზროვნის ლეო შტრაუსის (1899-1973) ნაშრომი „იერუსალიმი და ათენი. შესავალი განაზრებანი“ ქართულად ითარგმნა და გამოიცა 2013 წელს. წინამდებარე ტექსტი ამ ნაშრომის შესავალ ფრაგმენტს წარმოადგენს.
ინგლისურიდან თარგმნა გიორგი ხუროშვილმა
ყველა ის იმედი, რომელიც ამჟამად არსებული ქაოსისა და საფრთხეებისას გვასულდგმულებს, დადებითად ან უარყოფითად, პირდაპირ ან ირიბად, წარსულის გამოცდილებას ემყარება. ამ გამოცდილებათაგან ყველაზე უფრო ღრმა და მნიშვნელოვანი (რამდენადაც დასავლეთელი ადამიანი გვყავს მხედველობაში) ორი ქალაქის - იერუსალიმისა და ათენის - სახელითაა აღნიშნული. ბიბლიური რწმენისა და ბერძნული აზროვნების შერწყმის საფუძველზე დასავლეთელი ადამიანი იქცა იმად, რაც ის არის და დღეს იგი არის ის, რაც ის არის. იმისათვის, რომ საკუთარი თავი შევიმეცნოთ და მომავლისაკენ მიმავალ გაუკვალავ გზას ნათელი მოვფინოთ, უწინარეს ყოვლისა, იერუსალიმი და ათენი უნდა შევიმეცნოთ. ნათელია, რომ ეს იმგვარი ამოცანაა, რომლის სათანადო აღსრულება ჩემს ძალებს აღემატება. მაგრამ, ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ ჩვენს ამოცანებს ჩვენივე ძალებით, რადგან საკუთარ ძალთა შეცნობა მხოლოდ დასახულ ამოცანათა განხორციელების გზითაა შესაძლებელი. ამიტომ, უმჯობესია, რაინდულად ვიწვნიოთ მარცხი, ვიდრე გამარჯვება სულმდაბლობით მოვიპოვოთ.
ის ობიექტები, რომლებსაც იერუსალიმსა და ათენზე საუბრისას ვეხებით, დღესდღეობით მათი შემსწავლელი მეცნიერების მიერ გაიგება, როგორც კულტურები. „კულტურაში“ აქ მეცნიერული ცნება იგულისხმება. ამ ცნების თანახმად, არსებობს კულტურათა განუსაზღვრელი რაოდენობა: n რაოდენობით კულტურები. მეცნიერი, რომელიც ამ კულტურებს შეისწავლის, მათ ობიექტებად აღიქვამს. როგორც მეცნიერი, იგი ყოველი მათგანისაგან განცალკევებით დგას. იგი არც ერთ მათგანს არ ანიჭებს უპირატესობას. იგი არა მხოლოდ მიუკერძოებელი, არამედ ობიექტურიცაა. მისი დაუცხრომელი სურვილია, არცერთი მათგანი არ დაამახინჯოს. მათზე საუბრისას იგი თავს არიდებს „კულტურულად მიკერძოებულ“, ანუ ისეთ ცნებებს, რომლებიც რომელიმე ცალკეულ კულტურასთან, ან კულტურის ტიპთან ასოცირდება. ბევრ შემთხვევაში, კულტურის შემსწავლელი მეცნიერის მიერ გაანალიზებულმა ობიექტებმა არ იციან, ან არ იცოდნენ, რომ ისინი არიან, ან ოდესმე იყვნენ კულტურები. თუმცა, ეს მეცნიერისთვის არვითარ დაბრკოლებას არ ქმნის: ელექტრონებმაც არ იციან, რომ ისინი ელექტრონები არიან. თვით ძაღლებმაც კი არ იციან, რომ სინამდვილეში ძაღლები არიან. იმ უბრალო ფაქტიდან გამომდინარე, რომ მკვლევარი თავისი შესწავლის ობიექტებს კულტურებად განიხილავს, იგი თავისთავად გულისხმობს იმას, რომ უფრო უკეთ უგებს იმ ადამიანებს, რომლებსაც შეისწავლის, ვიდრე ეს ადამიანები უგებდნენ, ან უგებენ საკუთარ თავს.
საკითხისადმი ამდაგვარი მიდგომა, გარკვეული დროის განმავლობაში, საეჭვოდ მიიჩნეოდა, თუმცა, როგორც ჩანს, ამას მეცნიერებზე არავითარი გავლენა არ მოუხდენია. ადამიანი, რომელმაც ამ საკითხში ეჭვი შეიტანა, ნიცშე იყო. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ გავრცელებული შეხედულების თანახმად, არსებობდა, ან არსებობს n რაოდენობით კულტურები. დავუშვათ, რომ არსებობდა, ან არსებობს 1001 კულტურა და ამით საკუთარ თავს „1001 არაბული ღამეც“ შევახსენოთ. ამ კულტურების აღწერა, თუ ის კარგად იქნება წარმოებული, მთელი რიგი ამაღელვებელი ამბებისა და, შესაძლოა, ტრაგედიების, ერთობლიობა იქნება. ნიცშე ამ საკითხის შესახებ საუბრობს ზარატუსტრას სიტყვაში, რომელსაც ეწოდება „ათასი და ერთი მიზნის შესახებ“. ამ სიტყვაში, ებრაელები და ბერძნები მრავალ სხვა ერს შორის არსებულ ერებად გვევლინებიან, რომლებიც არაფრით აღემატებიან სხვა ორ ერს, ისევე, როგორც იმ დანარჩენ 997 ერს, რომლებიც არ არიან მოხსენებული. ბერძნების განსაკუთრებულობა, ნიცშეს თანახმად, გამოიხატებოდა ისეთი შეიჯიბრისადმი თავის სრულად მიძღვნაში, რომლის მიზანიც სრულყოფილება, გამორჩეულობა და სხვებზე აღმატებულება იყო. ებრაელების განსაკუთრებულობა კი მშობლების მიმართ უღრმესი პატივისცემა და მოკრძალებაა. ნიცშეს მოწიწება ებრაელთა სჯულის კანონებისადმი, ისევე, როგორც სხვა ერების სჯულის კანონებისადმი, ნებისმიერ სხვა დამკვირვებელთან შედარებით, გაცილებით ღრმაა. მაგრამ ის, რასაც ერთი სჯულის კანონი აწესებს, ან მოითხოვს, შეუთავსებელია იმასთან, რასაც სხვა სჯულის კანონები მოითხოვენ. რამდენადაც ნიცშე მხოლოდ დამკვირვებელია (განმხილველია), იგი არც ერთი მათგანის მოთხოვნებს არ ემორჩილება. ეს განსაკუთრებით ითქმის თანამედროვე დასავლური კულტურის სჯულის ფიცრების, ანუ „ღირებულებების“ შესახებ. მაგრამ, ნიცშეს მიხედვით, ყველა მეცნიერული ცნება, განსაკუთრებით კი, კულტურის ცნება, კულტურულად მიკერძოებულია. კულტურის ცნება XIX საუკუნის დასავლური კულტურის ნაყოფია. ამ ცნების მიყენება განსხვავებული ეპოქებისა და კლიმატის „კულტურებისათვის“ მოცემული კულტურის სულიერი იმპერიალიზმიდან გამომდინარე ქმედებაა. ამიტომ, ნიცშეს მიხედვით, მკვეთრი წინააღმდეგობა არსებობს კულტურის მეცნიერების მიერ მიზანდასახულ ობიექტურობასა და თავად ამ მეცნიერების სუბიექტურობას შორის. სხვაგავარად რომ დავსვათ საკითხი, შეუძლებელია განიხილო, ანუ უტყუარად შეიცნო რომელიმე კულტურა, თუ საკუთარ კულტურაში ღრმად არ გაქვს ფესვები გადგმული, ან როგორც განმხილველი, რომელიმე კულტურას არ მიეკუთვნები. მაგრამ თუკი კულტურათა განხილვის უნივერსალური ხასიათის შენარჩუნებაა საჭირო, მაშინ კულტურა, რომელსაც ყველა სხვა დანარჩენ კულტურათა განმხილველი მიეკუთვნება, უნივერსალური კულტურა, ადამიანთა მოდგმის კულტურა, მსოფლიო კულტურა უნდა იყოს. განხილვის უნივერსალურობა, უკვე გულისხმობს, თუნდაც დაშვების დონეზე, უნივერსალურ კულტურას, რომელიც ერთ-ერთი რიგითი კულტურა როდია სხვა კულტურათა შორის. ამიტომაც, ნიცშე იმგვარი კულტურისკენ მიისწრაფვოდა, რომელსაც კერძო, საბოლოო ჯამში კი, შემთხვევითი ხასიათი აღარ ექნებოდა. მისი რწმენით, ადამიანთა მოდგმის ერთადერთი მიზანი ზეადამიანობის მიღწევაა: იგი მომავლის ზეკაცზე საუბრობდა. ხოლო ზეკაცის იდეაში იგულისხმება, რომ მან, საკუთარ თავში, უმაღლესი აზრით, ორივე, ათენიცა და იერუსალიმიც უნდა გააერთიანოს.
რამდენიც არ უნდა ამტკიცოს კულტურის საყოველთაო მეცნიერებამ დამოუკიდებლობა ყოველგვარი პრიორიტეტებისა და შეფასებებისაგან, ის მაინც კონკრეტული მორალური პოზიციის არსებობას უწყობს ხელს. რადგან ის მოითხოვს ღიაობას ყველა კულტურის წინაშე, ის ხელს უწყობს საყოველთაო შემწყნარებლობასა და აღტკინებას, რომელიც მრავალფეროვნების (გან)ჭვრეტიდან (გა)მომდინარეობს. ის აუცილებლობით ზემოქმედებს ყველა კულტურაზე, როლებზეც ჯერ კიდევ შეუძლია ზემოქმედების მოხდენა და ხელს უწყობს მათ გარდაქმნას ერთი და იმავე მიმართულებით. თავისდა უნებურად ის იწვევს ყურადღების გადატანას კერძოდან უნივერსალურისაკენ. პლურალიზმის მართებულობის თუნდაც იმპლიციტური მტკიცებით, ის პლურალიზმს ერთადერთ მართებულ გზად მიიჩნევს. ის განამტკიცებს საყოველთაო შემწყნარებლობის მონიზმს და მრავალფეროვნებისადმი პატივისცემას, რადგან „იზმ“-ის წყალობით პლურალიზმი მონიზმად გვევლინება.
ტრადიციულ კულტურის მეცნიერებასთან გარკვეული სიახლოვის შენარჩუნება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ იმის თქმით შემოვიფარგლებით, რომ განხილული ფენომენების გაგების ყველა მცდელობა დამოკიდებულია ამ ფენომენებისთვის უცხო კონცეპტუალურ ჩარჩოზე, რომელიც ამახინჯებს მათ. „ობიექტურობას“ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ველოდოთ, თუ ზუსტად ისევე შევეცდებით განსხვავებულ კულტურათა და ხალხთა გაგებას, როგორც თვითონ მათ ესმით, ან ესმოდათ საკუთარი თავი. ჩვენგან განსხვავებულ ეპოქებსა და კლიმატურ პირობებში მცხოვრები ადამიანები საკუთარ თავს კულტურის ცნების ფარგლებში არ განიხილავდნენ, რადგან ისინი არ გაიაზრებდნენ კულტურას ამ ცნების თანამედროვე მნიშვნელობით. ის, რასაც დღეს კულტურას ვუწოდებთ, შემთხვევითი შედეგია იმ დაინტერესებისა, რომელიც სრულიად სხვა რაიმეს - უპირველეს ყოვლისა, ჭეშმარიტებას - ეხებოდა.