petriwis portali

ინტერვიუ პროფესორ თენგიზ ირემაძესთან

სარედაქციო

ინტერვიუ პროფესორ თენგიზ ირემაძესთან

04.02.2020

პეტრიწის პორტალი გთავაზობთ ინტერვიუს პროფესორ თენგიზ ირემაძესთან. ბატონი თენგიზი არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფეოსორი, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.


ბატონო თენგიზ, თქვენ ფილოსოფიურ განათლებას საქართველოსა და გერმანიაში დაეუფლეთ; გვიამბეთ, როგორ დაინტერესდით ფილოსოფიით, რატომ გადაწყვიტეთ ფილოსოფიის სფეროში მოღვაწეობა?

— ფილოსოფიით ჩემი დაინტერესება „ფრთხილი რაციონალიზმით“ შეიძლება აიხსნას. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მეტ-ნაკლებად გათვითცნობიერებამ იქეთკენ მიბიძგა, რომ მთავარ სამყაროსეულ კითხვებზე (რომლებიც, საბოლოო ჯამში, ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ თითოეულ პიროვნებასთან ინდივიდუალური სახით არის მოცემული და, ამდენად, მრავალმხრივი და მრავალგვარი შეიძლება იყოს!) მთლიანი, შეძლებისდაგვარად, ყოვლისმომცველი პასუხები მეძებნა/მეპოვნა. აი, ასეთი კითხვებისა და პასუხების სფეროდ დაისახა ჩემთვის ფილოსოფია! მართალია, დასმულ კითხვებზე გაცემული ფილოსოფიური პასუხები მრავალგვარია, მაგრამ თითოეული სერიოზული პასუხი, თავის მხრივ, მოიცავს იმ ასპექტებსა და მომენტებს, რომლებიც ადამიანს პრაქტიკულადაც შეიძლება გამოადგეს ცხოვრებისეული გამოცდილების გზაზე. ამდენად, ჩემი აზრით, ფილოსოფია ორმაგ დატვირთვას იძენს: ის დიდი სამყაროსეული კითხვების შესახებ არსებული თეორიული მეცნიერებაცაა და ადამიანის ამქვეყნიურ ცხოვრებაში გზის გამკვალავი პრაქტიკული სიბრძნის ხელოვნებაც.

როცა ფილოსოფიისადმი ჩემი დაინტერესების შესახებ მეკითხებით, ზემოთქმულს აუცილებლად უნდა დაემატოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი: ქართული პოეზიისადმი ჩემი უსაზღვრო სიყვარული! დიდი ქართული პოეზია ფილოსოფიური ხასიათისაა და მისი ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი სამყაროა მთელი თავისი მრავალფეროვნებითა და საზრუნავით. ქართულ პოეზიაში წამოჭრილია დიდი სამყაროსეული კითხვები და მათზე ძალზე საყურადღებო პასუხებიცაა გაცემული. ჩემში ეს ყოველთვის დიდ აღტაცებას იწვევდა და დღესაც ასეა! ასე რომ, ქართულ ფილოსოფიურ ლირიკაში დასმულმა სამყაროსეულმა კითხვებმაც მიბიძგეს და გზა გამიკვალეს ფილოსოფიისკენ!

თქვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვლევითი მიმართულება ქართული ფილოსოფიის ისტორიაა, როგორ დაახასიათებდით ქართული ფილოსოფიის ფენომენს?

— ამ საკითხის შესახებ ძალიან ბევრი რამის თქმა შემიძლია, მაგრამ აქ (ჩვენი ინტერვიუს ფორმატიდან გამომდინარე!) მხოლოდ რამდენიმე ასპექტის აღნიშვნით შემოვიფარგლები. უწინარეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ XX საუკუნის ქართულ ფილოსოფიურ ისტორიოგრაფიაში ადეკვატურად ვერ იქნა გაგებული ქართული ფილოსოფიის ფენომენი და, აქედან გამომდინარე, ვერც მისი ხასიათი და სპეციფიკა იქნა ამოცნობილი. იგივე ეხება ამავე პერიოდში ქართული ფილოსოფიის ამა თუ იმ ავტორისა და პრობლემის შესახებ შექმნილი ცალკეული გამოკვლევების უმრავლესობასაც. მათში, უმეტესწილად, დასავლურ ფილოსოფიაში გავრცელებული ფილოსოფიური სტანდარტებისა და თემატური სპექტრის „ამოკითხვას“ აქვს ადგილი, ვიდრე ქართული ფილოსოფიის იმანენტური სტრუქტურისა და თავისებურებების გამოკვეთას. ეს მცდარი და უაღრესად არასწორი მეთოდოლოგიური სვლაა, რადგან იგი არც თეორიულადაა გამართლებული და არც პრაქტიკულად!

ისე მოხდა, რომ ქართული ფილოსოფიის თავისებურებების და სპეციფიკის დადგენას მიეძღვნა ჩემი ბოლოდროინდელი ნაშრომები, მათ შორის, ჩემი ბოლო მონოგრაფია - „შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად“ (თბილისი, 2019 წ.). ამ ნაშრომში საგანგებოდაა განხილული ზემოთ აღნიშნული მეთოდოლოგიური პრობლემები და მათი წარმოშობის მიზეზებიცაა დასახელებული. მთავარი მიზეზი სწორედ ქართული ფილოსოფიის ძირითადი მახასიათებლის ვერ დანახვა და ვერ გაგებაა. უწინარეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ ქართული ფილოსოფია არის ქრისტიანული ფილოსოფია, რადგან ის წარმოიშვა და ჩამოყალიბდა ქრისტიანობის წიაღში, შემდეგ - ვიდრე XX საუკუნემდე - ვითარდებოდა კიდეც ქრისტიანობის წიაღში. ასე რომ, საქართველოში მარქსისტული იდეოლოგიის გავრცელებამდე და საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე, ქართული ფილოსოფია ქრისტიანული ფილოსოფიის დარგებისა და ქვედარგების განვითარების გზით მიდიოდა.

აქედან გამომდინარე, ბუნებრივიცაა, რომ ქართულ აზროვნებაში ფილოსოფია და თეოლოგია ჰარმონიულად თანაარსებობდა და მათ შორის მჭიდრო ურთიერთმიმართება არსებობდა კიდეც, რაც იმას ნიშნავს, რომ ფილოსოფიური პრობლემატიკა თეოლოგიურ ჭრილში იყო დანახული და, პირიქითაც, თეოლოგიური თემატიკა ფილოსოფიურად გაიაზრებოდა. სწორედ ამის გამო, ქართულ აზროვნებაში ფილოსოფიური ღვთისმეტყველება ან საღვთისმეტყველო ფილოსოფია განვითარდა, რის შედეგადაც ქართულ ნიადაგზე ქრისტიანული აზროვნების მნიშვნელოვანი მოდელები შეიქმნა.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ქართული ფილოსოფიური აზროვნების კიდევ ერთი ზოგადი მახასიათებელი! როცა ქართული ფილოსოფის ფენომენის შესახებ ვსაუბრობთ, უნდა ითქვას შემდეგიც: ქართული ფილოსოფიური აზროვნებისთვის დამახასიათებელია ჰარმონიისა და თავსებადობის პრინციპი, რომლის მიხედვითაც, უფრო მეტად, ყურადღება ექცევა ფილოსოფიურ სისტემებსა და მოძღვრებებში არსებულ საერთო მახასიათებლებს და არა ცალსახა განსხვავებებს. სხვადასხვა კულტურულ და ენობრივ სივრცეში შექმნილი იდეების რეცეფცია და ტრანსფორმაცია, მათი ასახვა და გარდასახვა განაპირობებს საუკუნეებითა და ეპოქებით გამიჯნულ თეორიულ სისტემებსა და მოდელებს შორის არსებულ საერთო პრინციპებზე ყურადღების გამახვილებას. ფილოსოფიური იდეებისა და მოძღვრებების შემსწავლელი ქართველი მოაზროვნეები, უწინარეს ყოვლისა, სწორედ საკაცობრიო ფილოსოფიური კულტურის იმ საიმედო გზამკვლევებად შეიძლება წარმოვიდგინოთ, კაცობრიობის უმდიდრესი სულიერი საგანძურიდან იმ მიმართულებებს რომ ირჩევენ, რომლებიც სხვადასხვა ეროვნების, კულტურის, რწმენისა და მსოფლმხედველობის ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს. აქ თავსებადობისა და თანხმობის პრინციპებია წინა პლანზე წამოწეული, ნაცვლად განსხვავებისა და უთანხმოებისა. უნდა ითქვას, რომ ეს ის პრინციპებია, რომლებიც დღეს, მრავალსახა კონფლიქტთა და კრიზისთა ეპოქაში, ძალიან სჭირდება საკაცობრიო ფილოსოფიურ აზროვნებას. ამდენად, ქართულ ფილოსოფიაში დაგროვილი მეცნიერული ცოდნა და სამყაროსეული ხედვის მოდელები, ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ქართული ფილოსოფიური სიბრძნისმეტყველება საყოველთაო ფილოსოფიური კულტურის გამამდიდრებელი, საკაცობრიო აზროვნების დიდი განძია.

2007 წელს თქვენ დააფუძნეთ ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, გვიამბეთ ამ ინსტიტუტის შესახებ.

— პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ამ ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შედეგად ქართულმა ფილოსოფიამ წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. უწინარეს ყოვლისა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნა და რამდენიმე წლის განმავლობაში ხორციელდებოდა უაღრესად წარმატებული საგანმანათლებლო პროგრამები: საბაკალავრო აკადემიური პროგრამა სოციოლოგიაში („სოციოლოგია, მედია, კულტურა“) და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა ფილოსოფიაში. ორივე პროგრამამ დიდი წვლილი შეიტანა ამ ორი დარგის განვითარების საქმეში. სოციოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულები ძალიან წარმატებულები არიან და უკვე სათანადოდ დასაქმდნენ კიდეც საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. რაც შეეხება ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამას, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მისი ყველა კურსდამთავრებული საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მნიშვნელოვან საპასუხისმგებლო აკადემიურ პოზიციებზეა წარმოდგენილი; მათ ქართული ფილოსოფიური ლანდშაფტის შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. აღსანიშნავია ის სადოქტორო ნაშრომები, რომელიც ამ პროგრამის კურსდამთავრებულებმა შექმნეს. უნდა ითქვას, რომ ეს ნაშრომები გამოირჩევა ორიგინალობით; ქართული ფილოსოფიის მანამდე უცნობი დარგების, თემებისა და პრობლემების დამუშავების მაღალი ხარისხით ეს სადისერტაციო ნაშრომები ჩვენი ქვეყნის ფილოსოფიური კულტურის დახვეწასა და ამაღლებას უწყობს ხელს.

ვფიქრობ, რომ ამ ინსტიტუტმა მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, რომლის სულისჩამდგმელი იყო აქ შექმნილი ფილოსოფოსთა და თანამოაზრეთა ჯგუფი, რომელიც ქართველი და უცხოელი მკვლევრებისგან შედგება; მას შეიძლება ფილოსოფიური სკოლაც კი ეწოდოს, რადგან მისი წარმომადგენლები საერთო სამეცნიერო-კვლევით პლატფორმას იზიარებენ და სამეცნიერო ეთიკის საერთო სტანდარტებით ხელმძღვანელობენ. აღსანიშნავია ამ სკოლის წარმომადგენელთა კვლევითი თემატიკის სპექტრი და შესასწავლი პრობლემების მრავალფეროვნება.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ამ ინსტიტუტის საგამომცემლო საქმიანობა და ის წვლილი, რომელიც მან შეიტანა ქართული ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა თემატური გამდიდრების პროცესში. ათი წლის განმავლობაში ინსტიტუტის ბაზაზე დაფუძნდა და გამოიცემოდა რამდენიმე სამეცნიერო სერია ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით. ესენია: (1) „ფილოსოფია, სოციოლოგია, მედიის თეორია“ (გამოიცა 8 დიდი ტომი); (2) „ფილოსოფია-სოციოლოგიის კლასიკური და თანამედროვე ტექსტები. თარგმანები“ (გამოიცა 5 ტომი). ამ სერიაში გამოიცა ნიკლას ლუმანის, ანრი ბერგსონის, კარლ შმიტის, ჰანა არენდტის და ფრენსის ბეკონის უმნიშვნელოვანეს ნაშრომთა ძალიან კარგი ქართული თარგმანები; (3) „ფილოსოფია და სოციალური მეცნიერებები დღეს“ (მთლიანობაში გამოიცა 20 ტომი); (4) „ფრიდრიხ ნიცშეს რჩეული თხზულებები“, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა „Ecce homo“-ს პირველი ქართული აკადემიურ-კრიტიკული გამოცემა (ქართული თარგმანისა და კომენტარების თანხლებით). აქვე უნდა აღინიშნოს ნიცშეს შემოქმედებისადმი მიძღვნილი არაერთი სტატია და მონოგრაფია, რომელიც ნიცშეს ნაშრომთა გამოცემისა და შესწავლის პროცესში შეიქმნა; (5) „ამერიკული პოლიტიკური აზროვნების კლასიკური ტექსტების თარგმანები“, რომლის ფარგლებშიც გამოიცა საკაცობრიო აზროვნების შემდეგი უმნიშვნელოვანესი ნაშრომები: ალექსის დე ტოკვილის „დემოკრატია ამერიკაში“, თომას პეინის „საღი აზრი“, „ამერიკელი განმანათლებლების პოლიტიკური ესსეები“, ჯონ დიუის „თავისუფლება და კულტურა“. ყოველივე ამას ემატება ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფართო სპექტრის მომცველი ცალკე გამოცემული რამდენიმე ათეული მონოგრაფია, კრებული, თარგმანი და სტატია, რომლებმაც დიდად გაამდიდრა ქართული სააზროვნო სივრცე. საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ამ ინსტიტუტმა სულ რაღაც 10 წლის განმავლობაში ქართულ აზროვნებას რამდენიმე ათეული მაღალკვალიფიციური გამოცემა შესძინა, რაც მართლაც კარგი შედეგია.

აქვე არ შემიძლია დიდი მწუხარებით არ აღვნიშნო, რომ წელს ჩვენს შემოქმედებით გუნდს გამოაკლდა თითოეული ჩვენგანისთვის უაღრესად პატივსაცემი პიროვნება, შესანიშნავი ადამიანი და დიდი ქართველი მთარგმნელი დოდო ლაბუჩიძე-ხოფერია, რომელმაც თავისი განთქმული თარგმანებითა და სამეცნიერო ნაშრომებით უდიდესი წვლილი შეიტანა ამ ინსტიტუტის წარმატების საქმეში. მან სხვა ჩინებულ თარგმანებთან ერთად ქართულად აამეტყველა ალექსის დე ტოკვილის „დემოკრატია ამერიკაში“, საკაცობრიო დემოკრატიული აზროვნების ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი, უკვდავი ტექსტი.

ამჟამად თქვენ მოღვაწეობთ ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, სადაც ხელმძღვანელობთ კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევით არქივს; რა სახის საქმიანობას ახორციელებს ეს არქივი?

— სანამ უშუალოდ ამ კითხვას გავცემდე პასუხს, მანამდე ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა კავკასიური ფილოსოფიისა და მისი აღმნიშვნელი ცნების/ტერმინის შესახებ, რომელიც სიახლეს წარმოადგენს ფილოსოფიურ ისტორიოგრაფიაში. ეს ცნება/ტერმინი პირველად რამდენიმე წლის წინ გამოვიყენე ჩემს მონოგრაფიაში „ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე“ (თბილისი, 2013 წ.) და მის შემდეგ მან საკმაოდ მყარად მოიკიდა ფეხი ფილოსოფიის ისტორიულ გამოკვლევებში. შეიძლება ითქვას, რომ ის უკვე დამკვიდრდა კიდეც, რადგან ჩვენს უნივერსიტეტში სპეციალური კურსიც კი იკითხება კავკასიური ფილოსოფიის შესახებ. „კავკასიური ფილოსოფია“ აღნიშნავს კავკასიის ხალხთა ფილოსოფიურ აზროვნებას, რომელიც დასაბამს იღებს გვიანანტიკური და ბიზანტიური აზროვნებიდან; ის ამის შედეგად ორიგინალურ ფილოსოფიურ ტრადიციად ჩამოყალიბდა და განსაკუთრებით შთამბეჭდავი სახე მიიღო შუა საუკუნეებისა და ახალი დროის აზროვნებაში. რადგან კავკასიურ ფილოსოფიას საერთო ფესვები აქვს, შეგვიძლია ვისაუბროთ საერთო კავკასიური ფილოსოფიური ტრადიციის შესახებ. ამასთანავე, ისიც უნდა ითქვას, რომ კავკასიაში არსებული ფილოსოფიური ტრადიციები მჭიდრო კავშირშია აქვე არსებულ თეოლოგიურ ტრადიციებთან; ამდენად, მათი შესწავლა ერთი საერთო სამეცნიერო-აკადემიური ინსტიტუციის ფარგლებში სრულიად ლეგიტიმურად გვესახება.

ახლა კი უშუალოდ დასმულ კითხვას ვუპასუხებ! კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის მთავარი ამოცანა არის კავკასიელი ფილოსოფოსებისა და თეოლოგების თეორიული მემკვიდრეობის მოძიება და შეძენა, ხოლო შემდეგ კი ამ მემკვიდრეობის მეცნიერული შესწავლა. უწინარეს ყოვლისა, ყურადღება მიექცევა კავკასიელი მოაზროვნეების გამოუქვეყნებელი ხელნაწერებისა და ნაშრომების სათანადო დამუშავებას. გარდა ამისა, არქივის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა კავკასიური ფილოსოფიისა/ფილოსოფოსების ძველბერძნულ, ბიზანტიურ, ისლამურ, რუსულ და დასავლეთევროპულ სააზროვნო ტრადიციებთან მიმართებების შესწავლა-ანალიზი. აქედან გამომდინარე, არქივი აგროვებს ფილოსოფიის კლასიკური ტექსტების თარგმანებს კავკასიურ ენებზე, ისევე, როგორც კავკასიელი ფილოსოფოსების ტექსტთა თარგმანებს არაკავკასიურ (კერძოდ, ინდოევროპულ) ენებზე. გარდა ამისა, ერთ-ერთ მნიშვნელოვან სეგმენტს ქმნის ის ფილოსოფიური ტექსტები, რომლებიც კავკასიელმა ფილოსოფოსებმა თავად შექმნეს უცხო ენებზე (მაგალითად, შალვა ნუცუბიძე და სხვ.).

მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ფილოსოფიას დიდი ისტორია აქვს, ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის არ არის ფართოდ და სოლიდურად წარმოდგენილი თანამედროვე ქართულ აკადემიურ და საჯარო ინტელექტუალურ სივრცეებში, რას იტყოდით ქართული ფილოსოფიის თანამედროვე მდგომარეობისა და სამომავლო ამოცანების შესახებ?

— XX საუკუნის საქართველოში ფილოსოფია მარქსიზმ-ლენინიზმის სახით უკიდურესად იდეოლოგიზებული იყო. ეს ასპექტი უცილობლად უნდა იქნეს გათვალისწინებული მისი შეფასების დროს და უნდა ითქვას, რომ XX საუკუნის ქართული ფილოსოფია ამავე საუკუნის 90-იან წლებამდე არის ქართული საბჭოთა ფილოსოფია! შესაბამისად, ის მოკლებული აღმოჩნდა ადამიანთა პრაქტიკულ საჭიროებებსა და განზომილებას. შემდეგ კი ქართული ფილოსოფია ცალმხრივად საუნივერსიტეტო, აკადემიურ დისციპლინად ჩამოყალიბდა. ყველაზე მეტად წარმატებული აკადემიური ფილოსოფიის სახე საქართველოში ფილოსოფიის ისტორია იყო. გარდა ამისა, აკადემიური ფილოსოფიის ის დარგები, რომლებიც მეტ-ნაკლებად იყო წარმოდგენილი ქართულ აზროვნებაში, თითქოსდა, „უცხო სხეული“ აღმოჩნდა ქართული ფილოსოფიური ორგანიზმისთვის. ამა თუ იმ დასავლური სააზროვნო მოდელის „პირდაპირი“, გნებავთ, „ხელოვნური“ გადმოტანა ქართულ სააზროვნო სივრცესა და რეალობაში უკიდურესად წარუმატებელი წამოწყება შეიძლება აღმოჩნდეს. სწორედ ამის ნათელი დასტურია XX საუკუნის ქართულ ფილოსოფიაში გავრცელებული არაერთი „იზმი“. აქ უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი რამ: ფაქტია, რომ ყოველი ფილოსოფია ამა თუ იმ კონტექსტს ეკუთვნის, ის თავისი ეპოქისა და საზოგადოების შვილია და მისი უპირობო, დაუფიქრებელი გადმოტანა „სხვა“ სააზროვნო კონტექსტში ამა თუ იმ საზოგადოებრივი კულტურის მოთხოვნებს ხშირად ვერ პასუხობს. მართალია, ფილოსოფია უნივერსალური სააზროვნო დისკურსია, მაგრამ მისი კონკრეტული სპეციფიკაც უნდა იქნეს გათვალისწინებული. ფილოსოფიაში ჰარმონიულად უნდა თანაარსებობდეს უნივერსალიზმი (ზოგადი) და „სპეციფიკურობა“ (კონკრეტული), - აი, ეს უნდა გავითვალისწინოთ!

ვერც ქართული საბჭოთა ფილოსოფია და ვერც ფილოსოფიური ისტორიოგრაფია ვერ ასახავდა იმ საჭიროებებს, რომლებიც ადამიანის წინაშე დგას. აი, დავასახელოთ ფილოსოფიის დიდი და ტრადიციული თემები (თავისუფლება, სამართლიანობა, სიკვდილი და ა.შ.) და ვიკითხოთ: რა წვლილი შეიტანა ამ თემათა დამუშავებაში XX საუკუნის მეორე ნახევრის ქართულმა ფილოსოფიამ? შეიძლება გაგიკვირდეთ კიდეც, მაგრამ ამ კლასიკური თემების დამუშავების პროცესში ამ პერიოდის ქართული ფილოსოფიის წვლილი უაღრესად „მოკრძალებულია“! ისმის კიდევ შემდეგი კითხვა: რატომ? პასუხი ასეთია: ქართულ საბჭოთა ფილოსოფიაში გავრცელებული ფილოსოფიის ორივე სახე - მარქსიზმ-ლენინიზმი და ფილოსოფიური ისტორიოგრაფია - ამ თემათა დამუშავებას პრიორიტეტულად არ/ვერ მიიჩნევდა! არადა, სოციუმისა და თითოეული ადამიანის მსოფლმხედველობრივი ორიენტაციის განსაზღვრის პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ზემოთ დასმული ტრადიციული საკითხების ადეკვატურ გაგებას. თავის მხრივ, ეს იმის საფუძველიც გახდა, რომ საქართველოში ვერ განვითარდა ფილოსოფიის რამდენიმე მნიშვნელოვანი დარგი: სოციალური ფილოსოფია, პოლიტიკური ფილოსოფია, რელიგიის ფილოსოფია და ა.შ.

დასმულ კითხვაზე დამაკმაყოფილებელ პასუხს ვერ გავცემთ, თუკი ერთ მნიშვნელოვან გარემოებას არ გავითვალისწინებთ და ახლა სწორედ ამის შესახებ მინდა გესაუბროთ! მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქრისტიანული ფილოსოფიის საკმაოდ დიდი ტრადიცია არსებობდა, XX საუკუნეში საბჭოთა აზროვნებამ მოახერხა ის, რომ ეს ტრადიცია სრულიად უარყო და უკუაგდო. უფრო მეტიც, სამოცდაათი წლის განმავლობაში ეს ტრადიცია მივიწყებული, დაჩაგრული და ჩახშობილი იქნა; და ეს „წარმატებით“ მოახერხეს საბჭოთა იდეოლოგიის მესვეურებმა. ეს არა მხოლოდ იმ სახით მოხერხდა, რომ ამ ტრადიციის შესახებ არა თუ გამოკვლევები არ იქმნებოდა, არამედ ფილოსოფიის შესახებ არსებულ მნიშვნელოვან სახელმძღვანელოებში ქრისტიანული ფილოსოფია უკიდურესად დაკნინებულად იყო წარმოდგენილი. ამის თვალსაჩინო ნიმუში გახლავთ დიდი ქართველი ფილოსოფოსების მიერ გამოქვეყნებული ფილოსოფიის ისტორიები, რომლებიც „სტანდარტულ“ ნაშრომებს, სახელმძღვანელოებს წარმოადგენდნენ იმდროინდელი ფილოსოფიისა. ეს ნაშრომები საბჭოთა ფილოსოფიური ისტორიოგრაფიის აშკარა კვალს ატარებს. ეს ტენდენცია, სამწუხაროდ, ქართულ ფილოსოფიაში დიდხანს გაგრძელდა. ამ ტიპის სახელმძღვანელოებში ქართულ აზროვნებაში ქრისტიანული ფილოსოფიის ადგილი, როლი და მისია, შეიძლება ითქვას, უკიდურესად დაკნინებულია. ამდენად, ქრისტიანული ფილოსოფიის ნამდვილი არსი XX საუკუნის ქართულ საბჭოთა ფილოსოფიაში არ წარმოჩენილა.

აი, რამდენიმე მიზეზი, რამაც განაპირობა ის, რომ, საბოლოო ჯამში, ქართული ფილოსოფია ჯერჯერობით ბოლომდე ვერ განივრცო მთელ ქართულ კულტურულ სივრცეზე!

ბევრი მიფიქრია იმის შესახებაც, თუ როგორ უნდა განვითარდეს ფილოსოფია ისეთ მცირერიცხოვან ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. თანამედროვე საქართველოს მდგომარეობიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, ჩვენში ვერ განვითარდება ფილოსოფიის ყველა დარგი და მიმართულება. მაგრამ ფილოსოფიის იმ დარგსა და მიმართულებას კი ნამდვილად უნდა მიექცეს საგანგებო ყურადღება, რომელიც საფუძვლად დაედო ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარებას. საუკუნეების განმავლობაში, ფილოსოფიის ეს მიმართულება გახლდათ ქრისტიანული ფილოსოფია - ფილოსოფიის პრიორიტეტული მიმართულება საქართველოში! აქედან გამომდინარე, ქართული ფილოსოფიის მომავალი დიდწილად არის დაკავშირებული ქრისტიანული ფილოსოფიის სფეროში შესრულებული კვლევების ინტენსივობასა და თანმიმდევრულობასთან. ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის გამოწვევაც უახლოეს წლებში იქნება ის, რომ შევისწავლოთ არა მარტო ქართული ფილოსოფიური ტრადიცია ქრისტიანული აზროვნების ჭრილში, არამედ შევისწავლოთ ქრისტიანული აზროვნების დიდი კლასიკოსები, რათა ნათლად და ცხადად დავინახოთ ის წვლილი, რომელიც ჩვენმა დიდმა ინტელექტუალმა წინაპრებმა შეიტანეს ქრისტიანული აზროვნების კვლევის საქმეში, იმ ფილოსოფიური პერსპექტივების დამუშავებასა და წინ წამოწევაში, რომელსაც დაეფუძნა ქრისტიანული ფილოსოფია საქართველოში.

ახლახანს თქვენს გუნდთან ერთად დაიწყეთ მუშაობა ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ელექტრონული ენციკლოპედიის შექმნაზე, გვიამბეთ ამ პროექტის შესახებ.

— ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ელექტრონული ენციკლოპედია არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის სამეცნიერო-კვლევით ბაზაზე განვითარებული სამეცნიერო-ელექტრონული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის მდიდარი ტრადიციის შესახებ მაღალკვალიფიციური ცოდნის გავრცელებას ამ ორი დარგის წარმომადგენელთა, სტუდენტთა და, საერთოდ, ქართული საზოგადოების ფართო წრეებში. ენციკლოპედია მოიცავს სამეცნიერო სტატიებს ცნობილი ქართველი ფილოსოფოსებისა და თეოლოგების შესახებ, ასევე, ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიისთვის მნიშვნელოვანი სკოლების, მიმართულებების, კონცეპტებისა და ცნებების შესახებ სტატიებს. ენციკლოპედიაში გამოსაქვეყნებელი სტატიების ავტორებად მოვიწვიეთ ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ცნობილი ქართველი და უცხოელი სპეციალისტები. ამდენად, ეს ელექტრონული ენციკლოპედია აერთიანებს ჰუმანიტარული მეცნიერებების, განსაკუთრებით კი, ფილოსოფიისა და თეოლოგიის კუთხით მნიშვნელოვან ქართულ და უცხოურ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მათ წარმომადგენლებს.

აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ეს ელექტრონული ენციკლოპედია ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის მასშტაბური აკადემიური წამოწყებაა. ამ ტიპის მასშტაბური ელექტრონული პროექტი ჯერ არც კი განხორციელებულა ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის მიმართულებით. ამ პროექტში ჩართულია საქართველოს წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რამდენიმე ათეული მეცნიერი-მკვლევარი, რაც იმის საფუძვლიან იმედს გვაძლევს, რომ ეს ენციკლოპედია მაღალ მეცნიერულ სტანდარტებს დააკმაყოფილებს და საყოველთაო გამოყენების საგანი გახდება.

და კიდევ ერთი! თანამედროვე სამყაროს ძირითადი მახასიათებელი არის ის, რომ ჩვენ ინფორმაციული საზოგადოების შვილები ვართ. ჩვენი ეპოქა „ციფრული ეპოქაა“, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი დროება ფილოსოფიასაც პრინციპულად ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს. ჩვენ ეს გამოწვევა უნდა მივიღოთ, არსებული გარემოებები გავითვალისწინოთ, თანამედროვე კომუნიკაციის ენა სათანადოდ ავითვისოთ და ფილოსოფიური ცოდნა ელექტრონული, ციფრული ფორმითაც გავავრცელოთ საზოგადოებაში. ამ ელექტრონული ენციკლოპედიის შექმნის იდეაც აქედან იღებს დასაბამს!