2021 წლის თებერვლის თვეში გამოიცემა თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გერმანელი ფილოსოფოსის, დიტერ ჰენრიხის ფილოსოფიურ ავტობიოგრაფია (Dieter Henrich: Ins Denken ziehen. Eine philosophische Autobiographie, Münschen: C. H. Beck, 2021, 282 S., 24 Euro, ISBN 978-406-75642-9). წიგნის ავტორი მათიას ბორმუთთან და ულრიხ ფონ ბიულოვთან საუბრებში მისივე აზროვნების გზას შთამბეჭდავად გადმოსცემს და იხსნებს მასწავლებლებს, მეგობრებსა და თანამოაზრეებს, რომელთა რიცხვს განეკუთვნებოდნენ: მარტინ ჰაიდეგერი, ჰანს-გეორგ გადამერი, თეოდორ ვიზენგრუნდ ადორნო, ჰილარი პატნემი, ალექსანდრე მიტჩერლიხი და სხვ. დიტერ ჰენრიხი იმასაც იხსნებს, რომ იგი ბავშვობაში მძიმედ ავადმყოფობდა, რამაც მას გზა გაუკაფა სამყაროს შესახებ ინტენსიური ფიქრისა და განაზრებებისკენ. დღევანდელი გადასახედიდან იგი იმასაც ფიქრობს, რომ ფილოსოფიისადმი მისი ცხოვრებისეული ინტერესის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელ მოტივი და საფუძველი სწორედ ეს აღმოჩნდა. დიტერ ჰენრიხი ცნობილია არადოგმატური ფილოსოფიითა და აზროვნების წესით, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სუბიექტის თავისუფლების პრობლემას. ეს წიგნიც თანამედროვე მეტაფიზიკოსის ღია სააზროვნო მოდელის ნათელი დოკუმენტია, რომელიც გაშეშებული სისტემურობისა და დოგამტურობის ფარგლებში კი არ რჩება, არამედ ადამიანური სუბიექტურობის მთავარ მომენტებს მოიცავს და მათ ბედნიერებისა თუ უბედობის, განმათავისუფლებელი თუ დამაბრკოლებელი მომენტების ჭრილში განიხილავს. ამგვარი სააზროვნო მოდელის ფარგლებში საგანგებო ყურადღება ექცევა საკაცობრიო ისტორიის თანმხლებ კონფლიქტებსაც და პერსპექტივებსაც, რადგან ადამიანის აზროვნება სწორედ ის უშრეტი ძალაა, რომელსაც ამ პრობლემების აღქმა და მათი გადაჭრა შეუძლია.
მოკლე ცნობები წიგნის ავტორის შესახებ: დიტერ ჰენრიხი დაიბადა 1927 წლის 5 იანვარს გერმანიის ქალაქ მარბურგში. 1946-1950 წწ. სწავლობდა ფილოსოფიას, ისტორიასა და სოციოლოგიას მარბურგის, ფრანკფურტისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში. 1950 წელს მან ჰანს-გეორგ გადამერთან დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „მაქს ვებერის მეცნიერებათმოძღვრების ერთიანობა“ და მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორი აკადემიური ხარისხი. 1956 წელს კი დიტერ ჰენრიხმა შეასრულა ჰაბილიტაცია თემაზე „თვითცნობიერება და ზნეობრიობა“, რის შემდეგაც სრული პროფესორის თანამდებობაზე მუშაობდა ბერლინის, ჰაიდელბერგისა და მიუნხენის უნივერსიტეტებში. მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში იგი 1994 წლიდან ხელმძღვანელობდა კლასიკური გერმანული ფილოსოფიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს. დიტერ ჰენრიხი ათწლეულების განმავლობაში იყო მსოფლიოს მრავალი წამყვანი უნივერსიტეტის (ჰარვარდის, კოლუმბიის, იელის, მიჩიგანის, ტოკიოს და სხვ.) მიწვეული პროფესორიც. იგი არის „ბავარიის მეცნიერებათა აკადემიის“ წევრი, „ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემიის“ საპატიო წევრი, ასევე, მრავალი ცნობილი ჯილდოსა და პრემიის მფლობელი. დიტერ ჰენრიხი არის არაერთი ნაციონალური და ინტერნაციონალური სამეცნიერო აკადემიის წევრი, არაერთი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და საპატიო პროფესორი. 1970 წლიდან იგი იყო „ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების“ პრეზიდენტი. დიტერ ჰენრიხი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გერმანელი ფილოსოფოსია.