2020 წლის 20 ნოემბრიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება დისკუსიათა უაღრესად საინტერესო სერია, რომელიც ონლაინ-ფორმატში მიმდინარეობს და უჩვეულო თემატიკას მოიცავს შემდეგი სათაურით: „იყო თუ არა იმანუელ კანტი რასისტი?“ ამ დისკუსიის ორგანიზატორთა და მონაწილეთა მიზანია, რომ ეს საკითხი სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებმა ინტერდისციპლინური პერსპექტივიდან გამომდინარე განიხილონ და კანტის ნაშრომების ანალიზი მისი დროის სოციო-კულტურული და ისტორიული გარემოს ჭრილში მოახდინონ. ისტორიული პერსპექტივიდან გამომდინარე, კანტის გამონათქვამები თეთრკანიანთა უპირატესობისა და აფრიკელთა სიზარმაცის შესახებ, უმეტესწილად, მისივე დროის კონტექსტით არის განპირობებული, თუმცა, კანტის შეხედულება რასათა იერარქიის შესახებ (რომლის თავშიც თეთრკანიანი რასაა განთავსებული), დღევანდელი გადასახედიდან მცდარია და შეიძლება ითქვას, რომ კანტი ამ კუთხით აშკარად ცდებოდა. ონლაინ დისკუსიის ფორმატში განსახილველი საკითხები შემდეგი სახისაა:
ონლაინ დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი თემა ეხება საკითხს იმის შესახებ, თუ როგორი მიდგომა და მიმართება უნდა გვქონდეს კანტის ნაშრომების სწავლა-სწავლებისა და კვლევის კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ იმანუელ კანტის ზოგიერთი სოციო-კულტურული შეხედულება დღეს პრობლემური ან სულაც მცდარი შეიძლება იყოს, უდავოა ის ფაქტი, რომ მისი ფილოსოფიური სისტემა უაღრესად ღირებულ სააზროვნო კონცეპტებს მოიცავს და სამომავლო ფილოსოფიური აზროვნების განვითარების კუთხით ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს.
აღსანიშნავია, რომ დისკუსიათა ეს სერია ორგანიზებულია და ხორციელდება ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის, ბერლინ-ბრანდერბურგის მეცნიერებათა აკადემიის, იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის, ზიგენის უნივერსიტეტისა და ლუქსემბრუგის უნივერსიტეტის თანამშრომლობით.