petriwis portali

იუჯინ ნაგასავა, მაქსიმალური ღმერთი: სრულყოფილი არსების თეიზმის ახალი დაცვა

გიორგი ჭანიძე, რუსუდან ზოიძე

იუჯინ ნაგასავა, მაქსიმალური ღმერთი: სრულყოფილი არსების თეიზმის ახალი დაცვა

27.12.2020

Yujin Nagasawa, Maximal God: A New Defence of Perfect Being Theism (Oxford University Press, 2017, 225 pp.) ISBN 978-0-19-875868-6

მაქსიმალური ღმერთი: სრულყოფილი არსების თეიზმის ახალი დაცვა იყოფა სამ ნაწილად. პირველ ნაწილში ავტორი მიმოიხილავს სრულყოფილი არსების თეიზმთან დაკავშირებულ ფილოსოფიურ საკითხებს. მეორე ნაწილში ავტორი ყურადღებას ამახვილებს სრულყოფილი არსების თეიზმის წინააღმდეგ არსებულ არგუმენტებზე. ახლებურ მიდგომას მაქსიმალური ღმერთის თეზისი ეწოდება. მესამე ნაწილში ავტორი იკვლევს ონტოლოგიურ არგუმენტთან დაკავშირებულ საკითხებს.

I

სრულყოფილი არსების თეიზმი ტრადიციული მონოთეიზმის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. იგი ცენტრალური ცნებაა რელიგიის ფილოსოფიაში. სრულყოფილი არსების თეიზმი სათავეს იღებს მე-11 საუკუნის ქრისტიანი ფილოსოფოსის, ანსელმ კენტერბერიელის პროსლოგიონიდან.  პირველი დებულება -  ღმერთი არის არსება, რომელზე აღმატებულიც წარმოუდგენელია. ზოგჯერ „წარმოსადგენის“ ნაცვლად გამოიყენება ტერმინი „გააზრებადი“. ამასთანავე, ანსელმი საუბრობს იმის შესახებ, შეიძლება თუ არა ხსენებული არსება არსებობდეს გონებაში (ვიდრე რეალობაში). მეორე დებულების თანახმად, ღმერთი არის არსება, რომელზე აღმატებულიც მეტაფიზიკურად შეუძლებელია. პირველი დებულება ეპისტემურია - სწორედ წარმოსადგენის თვალსაზრისით, ხოლო მეორე წმინდად მეტაფიზიკურია - სწორედ მეტაფიზიკურად შესაძლებელის თვალსაზრისით.

ამდენად, უნდა დაისვას შეკითხვა - შეიძლება თუ არა მეორე დებულება გამომდინარეობდეს პირველი დებულებიდან. წარმოსადგენლობიდან მეტაფიზიკურ შესაძლებლობაზე გადასვლა უმნიშვნელოვანესი რამაა. ამ თვალსაზრისით უნდა აღინიშნოს ცნობიერების ფილოსოფიაში ე.წ. „წარმოსადგენლობის არგუმენტი“ ფიზიკალიზმის წინააღმდეგ. ნაგასავას მოსაზრებით, შეუძლებელია მეორე დებულების პირველი დებულებიდან მიღება იმ დებულების გათვალისწინებით, რომ წარმოსადგენლობას შედეგად მოსდევს მეტაფიზიკური შესაძლებლობა. მეორე დებულების პირველი დებულებიდან მიღება შემდეგ მსჯელობაზეა დაფუძნებული: „არსება, რომელიც ღმერთს აღემატება, წარმოუდგენელია; აქედან გამომდინარე, არსება, რომელიც ღმერთზე მეტია, მეტაფიზიკურად შეუძლებელია.“ შედეგად გვაქვს დებულება, რომლის თანახმადაც წარმოუდგენლობას შედეგად მოსდევს მეტაფიზიკურად შეუძლებლობა, რაც განსხვავდება იმ დებულებისგან, რომ წარმოსადგენლობას მეტაფიზიკურად შესაძლებელი მოჰყვება. ამდენად, თეზისი - წარმოსადგენლობას შედეგად მოსდევს მეტაფიზიკური შესაძლებლობა - ლოგიკურად ექვივალენტურია თეზისთან - მეტაფიზიკურად შეუძლებელს შედეგად მოსდევს წარმოუდგენლობა - და არა თეზისთან - წარმოუდგენლობას შედეგად მოსდევს მეტაფიზიკურად შეუძლებლობა. მაშასადამე, თუ წარმოსადგენლობას შედეგად მოსდევს მეტაფიზიკური შესაძლებლობა, შესაძლებელია პირველი დებულების მეორე დებულებიდან მიღება და არა მეორე დებულების - პირველიდან.

ნაგასავას მოსაზრებით, ღმერთი ჩვენზე აღმატებული იმიტომაა, რომ ჩვენგან განსხვავებით ღმერთის არსებობა არ არის მხოლოდ პირობითი და შემთხვევითი. ღმერთის არსებობა ონტოლოგიური აუცილებლობის საკითხია. ნაგასავა სრულყოფილი არსების თეიზმის შემდეგნაირ დეფინიციას გვთავაზობს: ღმერთი არის ყველა სხვა შესაძლო არსებასთან თანაზომადი სიდიდე. ყოველი მეტაფიზიკურად შესაძლო არსება თანაზომადი სიდიდეა ღმერთთან და ღმერთი მათზე დიდია. ამ დებულების სახეცვლილება ასეთია: ღმერთი არის ყველაზე დიდი (აღმატებული) მეტაფიზიკურად შესაძლო არსება. ნაგასავას მოსაზრებით, სრულყოფილი არსების თეიზმისთვის ერთადერთი უშუალო არგუმენტი ონტოლოგიური არგუმენტია, ხოლო სხვები, ე.ი. კოსმოლოგიური არგუმენტი, ტელეოლოგიური არგუმენტი, მორალური არგუმენტი და სასწაულებთან დაკავშირებული არგუმენტი, ვერ აფუძნებენ სრულყოფილი არსების თეიზმს.

სრულყოფილი არსების თეისტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი (მონოთეიზმი) და ღმერთი ონტოლოგიურად განსხვავდება სამყაროსგან (დამოუკიდებელი თეზისი). სრულყოფილი არსების თეიზმის შედარება გარკვეულწილად შესაძლებელია ათეიზმთან, პოლითეიზმთან, პანთეიზმთან და პანენთეიზმთან. 1) რატომ ათეიზმი? სრულყოფილი არსების თეიზმი მხოლოდ უზრუნველყოფს ღმერთის (ე.ი., არსება რომელზე აღმატებულიც მეტაფიზიკურად შეუძლებელია) დეფინიციას. შედეგად, ათეისტმა შეიძლება ხაზი გაუსვას იმას, რომ მიუხედავად სრულყოფილი არსების თეიზმის მიერ ღმერთის სწორი დეფინიციისა, ღმერთი არ არსებობს რეალობაში. ნაგასავას მოსაზრებით, ათეისტური მიდგომის გადაჭრა შესაძლებელია მოდალური ონტოლოგიური არგუმენტის დახმარებითა და ისეთი ცნებების შემოტანით, როგორიცაა შესაძლებლობა და აქტუალობა. 2) რატომ პოლითეიზმი? სრულყოფილი არსების თეიზმი მაინც უშვებს პოლითეიზმის შესაძლებლობას, რადგან იგი შესატყვისობაშია „ღმერთების“, ღვთაებრივი არსებების არსებობის შესაძლებლობასთან, რომლებიც ღმერთზე ნაკლებად აღმატებულია. აქ ნაგასავა მოიხმობს ავგუსტინეს შეხედულებას, სახელდობრ, „როდესაც გაიაზრება ღმერთების ერთადერთი უმაღლესი ღმერთი ადამიანების მიერ, რომლებსაც სჯერათ, რომ არსებობენ სხვა ღმერთები და რომლებიც მათ ამ სახელს უწოდებენ და თაყვანს სცემენ მათ როგორც ღმერთებს, მათი აზრი იძენს ძალისხმევის ფორმას, რათა მიაღწიოს ისეთი ბუნების კონცეფციას, რომელზე სრულყოფილიცა და ამაღლებული არაფერი არსებობს.“  3) რატომ პანთეიზმი და პანენთეიზმი? სრულყოფილი არსების თეიზმის მხარდამჭერების მოსაზრებით, ხსენებული თეზისი გულისხმობს იმას, რომ ღმერთს გააჩნია სპეციფიკური თვისებები, რაც მას აღმატებულად წარმოაჩენს, ასე მაგალითად, ყოვლისმცოდნეობა, ყოვლისშემძლეობა, ასევე ისიც, რომ იგი ყოვლადსახიერია და სამყაროს შემქმნელია. პანთეიზმი და პანენთეიზმი უარყოფს დამოუკიდებელ თეზისს, რომლის თანახმადაც ღმერთი ონტოლოგიურად განსხვავდება სამყაროსგან. ისინი მიიჩნევენ, რომ სამყარო ღმერთის იდენტურია და/ან მისი ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი განაზრებანი ფუნდამენტურად განსხვავდება ტრადიციული თეიზმისგან, ნაგასავა მიიჩნევს, რომ სრულყოფილი არსების თეზისის იდიოსინკრაზიული ინტერპრეტაცია შემდეგ დებულებას გვთავაზობს: ღმერთის სიდიდე (აღმატებულობა) უნდა გავიგოთ როგორც მოცვადობა. ეს გულისხმობს იმას, რომ რაც უფრო მეტად მოცვადია არსება, უფრო მაღალია ამ არსების აღმატებულობა (მეტობა). ამდენად, ღმერთი როგორც არსება, რომელზე აღმატებულიც მეტაფიზიკურად შეუძლებელია, მაქსიმალურად მოცვადი არსებაა. თუ ამ გაგებას გავყვებით, მაშინ ღმერთი უდიდესი არსებაა, რადგან იგი მოიცავს აბსოლუტურად ყველაფერს და არაფერია ღმერთის მიღმა. ნაგასავა აქვე იმოწმებს ციცერონის ღმერთების ბუნების პერსონაჟს, ბალბუსს, რომელიც იცავს სტოიკურ პანთეიზმს და შენიშნავს, „რა შეიძლება იყოს იმაზე დიდი უგუნურობა, ვიდრე უარვყოთ უნივერსალური ბუნების უმაღლესი სრულყოფილება, რომელიც ყოველივეს მოიცავს?“.

ისტორიული სათავებიის თვალსაზრისით, უნდა შევნიშნოთ, რომ სრულყოფილი არსების თეიზმი არ უკავშირდება ანსელმის სახელს (თუმცკი, სრულყოფილი არსების თეიზმის ისტორიაში ანსელმი მნიშვნელოვანი მოაზროვნეა, რადგან სწორედ მას უკავშირდება ონტოლოგიური არგუმენტი). სრულყოფილი არსების თეიზმის გაცილებით ადრეულ მაგალითებად შეიძლება მივიჩნიოთ: პლატონი, არისტოტელე, ზენონ კიტიონელი, ქრისიპე, სენეკა, ავგუსტინე, პროკლე, ბიბლია.

ფილოსოფიისა და თეოლოგიის თვალსაზრისით, სრულყოფილი არსების თეიზმის დამსახურება სამგვარია. უწინარეს ყოვლისა, უნდა შევნიშნოთ, რომ სრულყოფილი არსების თეიზმი შეიძლება გამოდგეს ონტოლოგიური არგუმენტის საფუძვლად. 1) ღმერთის არსებობის ონტოლოგიური არგუმენტის განვითარების საშუალებას სრულყოფილი არსების თეიზმი იძლევა. ანსელმი პროსლოგიონის მე-2 თავში გვათავაზობს ონტოლოგიური არგუმენტის კლასიკურ ვერსიას, რომელიც დაახლოებით ასეთია: ათეისტებსაც კი შეუძლიათ ღმერთი წარმოიდგინონ როგორც არსება, რომელზე აღმატებულიც მეტაფიზიკურად არაფერია შესაძლებელი. ეს ნიშნავს იმას, რომ სულ მცირე, ღმერთი არსებობს გონებაში. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ღმერთი ან მხოლოდ გონებაში არსებობს ან გონებაშიც და რეალობაშიც. თუ დავუშვებთ, რომ ღმერთს მხოლოდ გონებაში არსებობა შეუძლია, ასეთ შემთხვევაში, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ღმერთზე აღმატებული არსება, სახელდობრ, იგივე არსება, რომელიც რეალობაშიც არსებობს და გონებაშიც. თუმცკი, წინააღმდეგობრივი იქნება იმის თქმა, რომ არსება, რომელიც ღმერთზე მეტია, წარმოსადგენია. აქედან გამომდინარე, ღმერთი როგორც რეალობაში, ისე გონებაშიც არსებობს. მიუხედავად ფილოსოფოსთა შეხედულებისა, რომ ანსელმი პროსლოგიონში ონტოლოგიური არგუმენტის მხოლოდ ერთ ანუ კლასიკურ ვერსიას იცავს, მეოცე საუკუნის შუა პერიოდში რიგი ფილოსოფოსები ამტკიცებდნენ, რომ პროსლოგიონის მესამე თავში ანსელმი იცავს ონტოლოგიური არგუმენტის მოდალურ ვერსიას. ნაგასავა აქვე იმოწმებს ალვინ პლანტინგას მიერ განვითარებულ მოდალურ ვერსიას, რომელიც ასეთი სახისაა: აუცილებლად, არსება მაქსიმალურად სრულყოფილია მოცემულ შესაძლო სამყაროში მხოლოდ მაშინ, თუ იგი ამ სამყაროში არის ყოვლისშემძლე, ყოვლისმცოდნე და ყოვლადსახიერი და აუცილებლად, არსება მაქსიმალურად დიდია მხოლოდ მაშინ, თუ იგი მაქსიმალურად სრულყოფილია ყოველ შესაძლო სამყაროში. 2) სრულყოფილი არსების თეიზმი მხედველობაში იღებს თვისებებს, რომლის მეშვეობითაც ღმერთი აღმატებული ხდება. ასე მაგალითად, ყოვლისმცოდნეობა, ყოვლისშემძლეობა, ყოვლადსახიერება, უცვლელობა, მარადიულობა, ყველგანმყოფობა და ა.შ.  თუმცა, არსებობს რიგი კითხვებიც: ზუსტად რომელი თვისება განაპირობებს აღმატებულობას? როგორაა შესაძლებელი თითოეული ასეთი თვისების განსაზღვრება? ამ თვისებებიდან ზუსტად რომელი უნდა მიეწეროს ღმერთს და სხვ. თუმცკი, ხსენებული თეზისის უპირატესობა არის ის, რომ მას შეუძლია გვერდი აუაროს აღმატებულობის (ან კიდევ, პირიქით) თვისებების მეტად რთულ საკითხს.

ნაგასავა გვთავაზობს ორ შეხედულებას. პირველს ის უწოდებს „ზემოდან ქვემოთ შეხედულებას“ ე.ი. ღმერთს გააჩნია თვისებები, რომლებიც მას აღმატებულს ხდის, რადგან ისაა არსება, რომელზე აღმატებულიც მეტაფიზიკურად შეუძლებელია, რაც ნიშნავს იმას, რომ არსების თვისება, რომელზე მეტიც მეტაფიზიკურად შეუძლებელია, უფრო ფუნდამენტურია, ვიდრე ინდივიდუალური თვისებები. „ქვევიდან ზემოთ შეხედულება“ გულისხმობს იმას, რომ ღმერთს გააჩნია არსების თვისება, რომელიც არსებაა, რომელზე აღმატებულიც მეტაფიზიკურად შეუძლებელია სწორედ იმ ინდივიდუალური თვისებების წყალობით, რომლებიც აღმატებულობის წინაპირობაა. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ინდივიდუალური თვისებები უფრო ფუნდამენტურია, ვიდრე არსების თვისება, რომელზე აღმატებულიც მეტაფიზიკურად შეუძლებელია. 3) სრულყოფილი არსების თეიზმი გვცემს კითხვაზე პასუხს - რატომ არსებობს რაღაც, ვიდრე არაფერი? პასუხი კი ასეთი სახისაა: ღმერთი, როგორც არსება, რომელზე აღმატებულიც მეტაფიზიკურად შეუძლებელია, აუცილებლობით არსებობს, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღმერთი არსებობს ყველა შესაძლო სამყაროში. ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველ შესაძლო სამყაროში არსებობს „რაღაც“, სახელდობრ, ღმერთი. შედეგად, აუცილებელი შემთხვევაა, რომ არსებობს რაღაც, ვიდრე არაფერი. სრულყოფილი არსების თეიზმი, მხოლოდ და მხოლოდ, ღმერთის დეფინიციას უზრუნველყოფს.

ონტოლოგიური არგუმენტის გარდა, კიდევ როგორ შეგვიძლია დავიცვათ სრულყოფილი არსების თეიზმი? ნაგასავას მოსაზრებით, სხვა არგუმენტები, ასე მაგალითად, კოსმოლოგიური, მორალური და სხვ., ხასიათდება იმით, რომ ღმერთს ისინი უყენებენ თვისებებს, რომლებიც განაპირობებენ აღმატებულობას. ამდენად, შეიძლება დავასკვნათ, რომ X-ს შესაძლოა ჰქონდეს ყოველი ეს შთამბეჭდავი და დიდებული თვისება მეტაფიზიკურად შესაძლო უდიდესი არსების დონის მიღწევის გარეშე. ნაგასავას შენიშვნით, ანსელმი ხედავდა ამ პრობლემას. მონოლოგიონში ანსელმმა წარმოადგინა რიგი დამოუკიდებელი არგუმენტები, რომლებიც მხარს უჭერენ ღმერთის არსებობას. თუმცკი, მას ერთადერთი არგუმენტის აღმოჩენა სურდა, რაც საკმარისი იქნებოდა ღმერთის არსებობის დასაფუძნებლად. ამ თვალსაზრისს კი ანსელმი წარმოადგენს პროსლოგიონის წინათქმაში. შედეგად, ანსელმს იმ კუთხით სჭირდებოდა ონტოლოგიური არგუმენტი, რომ იგი სათავეს იღებს წმინდად აპრიორი მსჯელობიდან. ეს არგუმენტი ყველაზე უშუალო არგუმენტია სრულყოფილი არსების თეიზმისთვის. რატომ? იმიტომ, რომ სრულყოფილი არსების თეზისში დაცული ღმერთის ცნება არ განსხვავდება იმ არსებისგან, რომლის არსებობასაც ეს არგუმენტი აფუძნებს და მეორე - რამდენადაც აპრიორი არგუმენტია, უნდა გამოირიცხოს გარე სამყაროზე დაკვირვებები.

ნაგასავას მოსაზრებით, ფილოსოფოსები ყურადღებას ამახვილებენ ომნი (პრეფიქსი omni - (ლათ. omnis) ნიშნავს: ყველგან, ყოვლის, ყოვლად) ღმერთის თეზისზე, რომლის თანახმადაც ღმერთი ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე და ყოვლადსახიერი არსებაა. თუმცკი, მეორე მხრივ, ისინი მხედველობაში არ იღებენ ღმერთის აღმატებულობას. შედეგად, არ არის ნათელი ზუსტად რას ნიშნავს სრულყოფილი არსების თეზისში აღმატებულობის ცნება. ნაგასავა შენიშნავს, რომ თავად ანსელმი ამ საკითხთან დაკავშირებით პროსლოგიონში არაფერს ამბობს, თუმცა, საუბრობს მონოლოგიონში. უწინარეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ ანსელმი აღმატებულობას არ გაიაზრებს ზომის მიხედვით, არამედ თუ X არის Y -ზე უფრო მეტი, ეს ნიშნავს იმას, რომ X უკეთესი და გაცილებით ღირებულია. შედეგად, ანსელმი ასკვნის, „მხოლოდ მას შეუძლია იყოს უაღრესად აღმატებული, რაც უაღრესად კარგია, აუცილებელია, რომ არსებობს რაღაც, რაც საუკეთესო და უდიდესია.“ ღმერთისა და სხვა არსებათა სიდიდის (აღმატებულობის) გაგება იერარქიის თვალსაზრისითაა შესაძლებელი. ამ ასპექტს ანსელმი კვლავ მონოლოგიონში ეხება, ასე მაგალითად, ცხენის ბუნება ხის ბუნებაზე უკეთესია, ხოლო ადამიანის ბუნება გაცილებით სრულყოფილია, ვიდრე ცხენისა. არსებათა იერარქიას ეწოდება 'Scala Naturae'. არსებათა იერარქიის ფორმებია: ფორმების პლატონისეული თეორია, არისტოტელეს ბუნებისმეტყველება, სადაც ადამიანი უმაღლეს ადგილს იკავებს. არისტოტელეს მიდგომა არ უნდა გავიგოთ ევოლუციის თვალსაზრისით, თუმცკი, თუ ზოგადად ევოლუციის პრინციპს გამოვიყენებთ, მაშინ „ფილოგენეტიკურ ხესთან“ გვექნება საქმე. ციცერონი ის მოაზროვნეა, რომელიც ადამიანზე აღმატებულად ღმერთს წარმოადგენს. თუმცკი, ციცერონი საუბრობს არა ღმერთზე, არამედ სამყაროზე და ყურადღებას პანთეიზმზე ამახვილებს. ასევე უნდა დავასახელოთ სექსტუს ემპირიკუსი, პროკლე, ავგუსტინე, პირველი ნეშტთა 29:11 და 16:25.

Scala Naturae-ს ნაგასავა უწოდებს ხაზობრივ მოდელს, რაც ნიშნავს იმას, რომ ღმერთი არის არსება, რომელზე აღმატებულიც მეტაფიზიკურად შეუძლებელია, ეს კი განპირობებულია იმით, რომ იგი არსებობის ერთადერთ ჯაჭვში იკავებს უმაღლეს ადგილს. თავის მხრივ, ხაზობრივი მოდელი ეფუძნება უნივერსალურ თანაზომად სიდიდეს. დღესდღეობით ამ მოდელს ფილოსოფოსები სერიოზულად არ უყურებენ. ხაზობრივი მოდელის ალტერნატივას ნაგასავა უწოდებს რადიალურ მოდელს, რომლის თანახმადაც, ნაცვლად არსებობის ერთი ჯაჭვისა, არსებობს არსებობის მრავალი ლოკალური ჯაჭვი. შედეგად, ღმერთი ყოველ ასეთ ლოკალურ ჯაჭვში იკავებს უმაღლეს ადგილს. თუმცკი, ხაზობრივი მოდელი რადიალური მოდელის სპეციალურ სახეობად განიხილება.

II

ნაგასავა საკუთარ თეზისს უწოდებს „მაქსიმალური ღმერთის თეზისს“, რომლის თანახმადაც ღმერთი არის არსება, რომელსაც გააჩნია ცოდნის, შემძლეობისა და სახიერების მაქსიმალურად თანამიმდევრული სეტი. ხსენებული თეზისი ანაცვლებს ომნი ღმერთის თეზისს, რომლის თანახმადაც ღმერთი არის ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე და ყოვლადსახიერი არსება. მაქსიმალური ღმერთის თეზისის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი საკმაოდ მცოდნე, შემძლე და სახიერია, შესაძლოა, იგი იყოს ან არ იყოს ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე და ყოვლადსახიერი. მაქსიმალური ღმერთის თეზისი ომნი ღმერთის თეზისის უარყოფას არ წარმოადგენს. შეიძლება ვთქვათ, რომ მაქსიმალური ღმერთის თეზისი არის ერთადერთი გამოსავალი იმ წინააღმდეგობებიდან, რომლებიც ომნი ღმერთის თეზისის წინააღმდეგ არსებობს. შესაბამისად, მხოლოდ მაქსიმალური ღმერთის თეზისის მხედველობაში მიღებით შეძლებს სრულყოფილი არსების თეისტი საკუთარი შეხედულების შენარჩუნებას, რომ ღმერთი, როგორც არსება, რომელზე აღმატებულიც მეტაფიზიკურად შეუძლებელია, არსებობს.

ნაგასავა ავითარებს ოთხ შესაძლო ეპისტემურ სცენარს, რომელსაც ის ასეთი თანამიმდევრობით წარმოადგენს: S1, S2A, S2B და S3. S1: ღმერთი არის ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე და ყოვლადსახიერი; მთლიანობის თვალსაზრისით, ღმერთი ნებისმიერ სხვა შესაძლო არსებაზე აღმატებულია და იგი, ცოდნის, შემძლეობისა და სახიერების თვალსაზრისით, აღემატება ნებისმიერ სხვა შესაძლო არსებას. ამ თეზისის მხედველობაში მიღებით სრულყოფილი არსების თეზისი და ომნი ღმერთის თეზისი ჭეშმარიტია. S2A და S2B: სრულყოფილი არსების თეზისი ჭეშმარიტია, თუმცკი, ომნი ღმერთის თეზისი - მცდარი. უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, ღმერთი არ არის ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე და ყოვლადსახიერი, მაგრამ იგი, მთლიანობაში, აღემატება ნებისმიერ სხვა შესაძლო არსებას და ცოდნის, შემძლეობისა და სახიერების თვალსაზრისით აღემატება ნებისმიერ სხვა შესაძლო არსებას. S3: ღმერთი X-ზე ნაკლებად მცოდნეა, თუმცა, აღმატებულება-სიდიდის მთლიანობის თვალსაზრისით იგი X-ზე და სხვა შესაძლო არსებაზეც მეტია.

ნაგასავა მხედველობაში იღებს იმ ბრალდებას, რომ მაქსიმალური ღმერთის თეზისი ძირს უთხრის ღმერთის უნიკალურობას. რატომ? იმიტომ რომ ღმერთის უნიკალურობაში არსებითად იგულისხმება ატრიბუტები: ყოვლისმცოდნეობა, ყოვლისშემძლეობა და ყოვლადსახიერება, შედეგად, როგორც კი ღმერთის უნიკალურობას საფრთხე ექმნება, სრულყოფილი არსების თეიზმი, როგორც მონოთეიზმის ვერსია, ვერ შენარჩუნდება. თუმცკი, მაქსიმალური ღმერთის თეზისი არ უქმნის საფრთხეს ღმერთის უნიკალურობას. რატომ? მაშინაც კი, თუ ღმერთი არ ჩაითვლება ყოვლისმცოდნედ, ყოვლისშემძლედ და ყოვლადსახიერად, კვლავ შეიძლება მისი უნიკალურობის შენარჩუნება, რადგან მაქსიმალური ღმერთის თეზისის თანახმად, ღმერთი ერთადერთი არსებაა, რომელზე აღმატებულიც მეტაფიზიკურად შეუძლებელია.

შეიძლება ვთქვათ, რომ სხვა წინააღმდეგობებთან შედარებით მაქსიმალური ღმერთის თეზისს საფრთხეს უქმნის ბოროტების არგუმენტი. ნაგასავა მიიჩნევს, რომ მაქსიმალური ღმერთის თეზისი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება საფრთხეში, თუ ბოროტების არგუმენტი აჩვენებს, რომ აქტუალურ სამყაროში ბოროტება რაოდენობრივად და თვისებრივად იმდენად არსებითია, რომ მოგვიწევს ღმერთის ცოდნის, შემძლეობისა და სახიერების „დათმობა“ იმ ფარგლებში, რომ იგი ვეღარ იქნება არსება, რომელზე აღმატებულიც მეტაფიზიკურად შეუძლებელია. ამასთანავე, ნაგასავას წიგნში, მაქსიმალური ღმერთი: სრულყოფილი არსების თეიზმის ახალი დაცვა, მაგალითის სახით გვხვდება ის, რომ პროცესის ფილოსოფოსები და ე.წ. „ბოსტონის პერსონალისტები“ უარყოფენ ღმერთის ომნი თვისებებს.

III

ნაგასავას მოსაზრებით, არსებობს კონცეპტუალური კავშირი სრულყოფილი არსების თეიზმსა და ონტოლოგიურ არგუმენტს შორის. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ანსელმის მიერ პროსლოგიონში განვითარებულ არგუმენტს ეწოდება „კლასიკური ონტოლოგიური არგუმენტი“, მაშინ, როდესაც მე-20 საუკუნის შუა პერიოდში განვითარებულ არგუმენტს - „მოდალური ონტოლოგიური არგუმენტი“. ამ უკანასკნელის თვალსაზრისით, უნდა აღინიშნოს ორი ამერიკელი ფილოსოფოსი, ჩარლზ ჰარტსჰორნი და ნორმენ მალკემი, რომელთა მტკიცებითაც მოდალური ონტოლოგიური არგუმენტი მათ პროსლოგიონის მე-3 თავში აღმოაჩინეს.

კლასიკური ონტოლოგიური არგუმენტი ეფუძნებდა სამ არსებით მახასიათებელს: 1) სრულყოფილი არსების თეზისის თანახმად იგი ეფუძნება ღმერთის დეფინიციას, სახელდობრ,  არსება, რომელზე აღმატებულიც მეტაფიზიკურად არაფერია შესაძლებელი; 2) წმინდად აპრიორი არგუმენტია, არ სჭირდება ისეთი წანამძღვარი, რომელიც მოითხოვს სამყაროზე ემპირიულ დაკვირვებას; 3) ღმერთის არსებობა განპირობებულია reductio ad absurdum -ით. ამასთანავე, ერთ-ერთი მაგალითის სახით შეიძლება ითქვას, რომ ანსელმისეული და ციცერონისეული (თუმცკი, უფრო სწორი იქნებოდა ქრისიპესეული) შეხედულებები გარკვეული ასპექტით ერთმანეთის მსგავსია, მაგრამ ნაგასავას მოსაზრებით, ქრისიპეს არგუმენტი განსხვავდება კლასიკური ონტოლოგიური არგუმენტისგან. რატომ? იმიტომ, რომ იგი არ აკმაყოფილებს ხსენებულ სამ მახასიათებელს. უფრო მეტიც, ქრისიპეს არგუმენტი კოსმოლოგიურ არგუმენტს განეკუთვნება. გარდა ამისა, შეიძლება ითქვას, რომ კლეანთეს არგუმენტი იზიარებს ონტოლოგიური არგუმენტის გარკვეულ მახასიათებელს. მიუხედავად ამისა, მართებულია კლეანთეს არგუმენტი ჩაითვალოს ე.წ. „ხარისხის არგუმენტად“, რომელიც გვხვდება ანსელმის მონოლოგიონში და აქვინელის სუმა თეოლოგიაში მეოთხე გზის სახით. ამასთანავე, არისტოტელეც მსგავს არგუმენტს წარმოადგენს თავისი დაკარგული ნაშრომის, ფილოსოფიის შესახებ, მე-3 წიგნის მე-16 ფრაგმენტში, რომლის შესახებაც გვამცნობს სიმპლიციუსის კომენტარი: „საგნებში, რომლებშიც არსებობს უკეთესი, იქ ასევე საუკეთესოცაა; რამდენადაც საგნებში არსებობს ისეთი რამ, რაც მეორეზე უკეთესია, არსებობს საუკეთესო და ეს ღვთაებრივი იქნებოდა.“ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოეციუსი ამ არგუმენტის ვერსიას იცავს.

კანტი ის მოაზროვნეა, რომელიც ყველაზე გავრცელებულსა და ცნობილ შეწინააღმდეგებას გვთავაზობს ონტოლოგიური არგუმენტისადმი, ეს გამოიხატება იმით, რომ არსებობა არ არის პრედიკატი. მიუხედავად ამისა, არსებობენ ფილოსოფოსები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ხსენებულ მიდგომას. უწინარეს ყოვლისა, პრობლემის მოგვარებას განაპირობებს ენის ფილოსოფიაში არსებობასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრა. ნაგასავასთვის ყველაზე ლეგიტიმური შეწინააღმდეგება ონტოლოგიური არგუმენტისადმი წარმოდგენილია პიტერ მილიქენის მიერ.

ნაგასავას შენიშვნით, მოდალური ონტოლოგიური არგუმენტი ალტერნატიული არგუმენტია სრულყოფილი არსების თეიზმისთვის. ავტორი არსებითად ყურადღებას ამახვილებს ე.წ. „შესაძლებლობის წანამძღვარზე“, რომლის თანახმადაც შესაძლებელია, რომ ღმერთი არსებობს. მოდალური არგუმენტის თვალსაზრისით, ნაგასავა გამოარჩევს ალვინ პლანტინგას მიერ განვითარებულ შეხედულებებს. ამასთანავე, ის ეხება ლაიბნიცის არგუმენტს შესაძლებლობის წანამძღვარისთვის და მე-20 საუკუნეში მათემატიკოს კურტ გიოდელის მიერ ამ უკანასკნელის აღდგენას. თუმცკი, არც ერთი გვაძლევს სრულ ინფორმაციას და არც მეორე. რატომ? იმიტომ, რომ არც ლაიბნიცი და არც გიოდელი დაწვრილებით არ საუბრობენ პოზიტიური ნიშან-თვისებების შესახებ, ლაიბნიცი მხოლოდ იმას ამბობს, რომ პოზიტიური ნიშან-თვისებები მარტივი, აბსოლუტური და შეუზღუდავია, ხოლო გიოდელი შენიშნავს, „პოზიტიური ნიშნავს პოზიტიურს მორალურ ესთეტიკური მნიშვნელობით (სამყაროს შემთხვევითი სტრუქტურის დამოუკიდებლად)“.

დაბოლოს, მაქსიმალური ღმერთის თეზისი ნათელყოფს სრულყოფილი არსების თეზისს იმის თქმით, რომ ღმერთი არის არსება, რომელსაც გააჩნია ცოდნის, შემძლეობისა და სახიერების მაქსიმალური თანამიმდევრული სეტი. ნაგასავა საკუთარ თეზისს განასხვავებს პლანტინგასეული მოდალური არგუმენტისგან. მოდალური ონტოლოგიური არგუმენტი, რომელსაც პლანტინგა გვთავაზობს, ორი თეზისის სახით შეიძლება წარმოვიდგინოთ: 1) მაქსიმალური სრულყოფილება: აუცილებლობით, არსება მაქსიმალურად სრულყოფილია მოცემულ შესაძლო სამყაროში მხოლოდ მაშინ, თუ იგი არის ყოვლისშემძლე, ყოვლისმცოდნე და ყოვლადსახიერი ამ სამყაროში. 2) მაქსიმალური აღმატებულობა: აუცილებლობით, არსება მაქსიმალურად მეტია მხოლოდ მაშინ, თუ იგი მაქსიმალურად სრულყოფილია ყოველ შესაძლო სამყაროში. ნაგასავას მოსაზრებით ხსენებული ორი თეზისი უნდა ჩანაცვლდეს შემდეგი თეზისებით: 1) რეალური (ნამდვილი) მაქსიმალური სრულყოფილება: აუცილებლობით, არსება რეალურად მაქსიმალურად სრულყოფილია მოცემულ შესაძლო სამყაროში მხოლოდ მაშინ, თუ მას გააჩნია ცოდნის, შემძლეობისა და სახიერების მაქსიმალური თანამიმდევრული სეტი ამ სამყაროში. 2) რეალური (ნამდვილი) აღმატებულობა: აუცილებლობით, არსება რეალურად მაქსიმალურად მეტია მხოლოდ მაშინ, თუ იგი რეალურად მაქსიმალურად სრულყოფილია ყოველ შესაძლო სამყაროში.