petriwis portali

მწვანე პოლიტიკის ფილოსოფია

გიორგი გოგუა

მწვანე პოლიტიკის ფილოსოფია

29.10.2020

XX საუკუნემ სამეცნიერო-ტექნიკურ რევოლუციას და ცივილიზაციების მატერიალურ პროგრესს დაუდო სათავე. ამ დროიდან მოყოლებული, დედამიწის რესურსების მოხმარება მოსახლეობის რაოდენობის ზრდის პირდაპირპროპორციული გახდა. ამან კი გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის  პრობლემები იმაზე უფრო მეტი სიმწვავითა და აქტუალობით წარმოჩინა, როგორც არასდროს. ის კი, რაც დღეს გარემოს დაცვის გლობალური პოლიტიკის დღის წესრიგში დადგა, ჯეროვნად არ იყო გაცნობიერებული მაშინ, როდესაც ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით, ბუნებრივი რესურსების ათვისებას, მზარდ ინდუსტრიალიზაციასა და გლობალურ ბაზარს ჩაეყარა საფუძველი.

დიდი ცვლილებები სწორედ XX საუკუნეში დაიწყო. ეს იყო გარდამტეხი, მრავალფეროვანი, ყოვლისმომცველი და ფუნდამენტური აღმოჩენებით აღსავსე პერიოდი.  XX საუკუნის მეორე ნახევრიდან კიდევ უფრო მასშტაბური ნაბიჯები გადაიდგა სამხედრო წარმოების, საწარმოო ტექნოლოგიების, ინდუსტრიული ზრდის, კვების მრეწველობის, ტრანსპორტის განვითარებისა და ურბანული განაშენიანების თვალსაზრისითაც. ამ პროგრესთან ერთად: პლანეტის ეკოსისტემას და მის სიცოცხლისუნარიანობას - ბირთვული ტექნოლოგიების, ოზონის ხვრელის გაჩენისა და გლობალური დათბობის სახით ახალი საფრთხეც დაემუქრა. პოლიტიკის ისტორიის პერსპექტივიდან კი,  XX საუკუნე დრამატული  პერიოდი იყო - მსოფლიოს ყველაზე ანტიდემოკრატიული რეჟიმები (კომუნიზმი, ფაშიზმი) ხალხების მატერიალური კეთილდღეობის  იდეის ხორცშესხმას შეუდგნენ. აქ, არავითარი მნიშვნელობა და საზრისი არ ენიჭებოდა იმას თუ რა მეთოდებით, ხერხებითა და რესურსებით მოხდებოდა ამ „დიადი მიზნის“ მიღწევა.

მატერიალურ-ტექნიკური პროგრესის საპირწონე, ნეგატიური გვერდითი მოვლენების შესახებ დისკურსიც, ოდნავ მოგვიანებით, თუმცა ამავე ეპოქიდან იღებს დასაბამს. მწვანე პოლიტიკის ისტორია, კლიმატის ცვლილების პოლიტიკური მენეჯმენტი და მოვლენების ფილოსოფიური აზროვნების პერსპექტივიდან დანახვა, სწორედ XX საუკუნის 70-იანი წლებიდან გახდა აქტუალური.  ეკოლოგიური პრობლემები, როგორც კაცობრიობის მზარდი გამოწვევა, აერთიანებს გლობალური პოლიტიკის, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული რეგულაციების, საერთაშორისო შეთანხმებებისა და ვალდებულებების კონტექსტს. მწვანე პოლიტიკა, იზიარებს  ეთიკური ფილოსოფიის კონცეფციას იმდენად, რამდენადაც ეს უკანასკნელი ეხება ადამიანისა და გარესამყაროს ურთიერთმიმართების პრობლემებს და სასიცოცხლო ბალანსის დაცვას.  ამდენად, ის, რაც თანამედროვე კაცობრიობის საერთო გამოწვევასა და მის აღმოსაფხვრელად მიმართულ ძალისხმევას  წარმოადგენს გარემოს დაცვისა და  ეკოლოგიის სფეროში, ფილოსოფიურ პრობლემათა კატეგორიასაც განეკუთვნება. ამავე მსჯელობის მართებულებას ადასტურებს, თავად ეკოლოგიის მეცნიერული ბუნება და მისი ლინგვისტური ტრანსკრიფციაც  (ბერძ. Oikos & Logos).

თუ საკითხს კიდევ უფრო ჩავუღრმავდებით, შევნიშნავთ, რომ მწვანე პოლიტიკას და მის ფილოსოფიურ პარადიგმას, არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და  კონტენტი აერთიანებს. მაგალითად, წმინდა  პოლიტიკურ ასპექტში  შეიძლება  ვიკვლიოთ, ის, თუ რამდენად სოლიდური გახდა მწვანე იდეოლოგიის მატარებელი პოლიტიკური აქტორების ხმა ამა თუ იმ ქვეყნის მთავრობის მუშაობისა და გადაწყვეტილებების  მიღების პროცესში. ცალკეული კვლევის საგანია მწვანე პოლიტიკა და მისი შიდა იდეოლოგიური განშტოებები -  ეკოსოციალიზმის ან ეკოცენტრიზმის სახით. „რეალ პოლიტიკის“ სფეროდან, ასევე საინტერესოა, ის, თუ მწვანე პოლიტიკის შემოქმედი პარტიებიდან, რომელია უფრო რადიკალური თავის მოთხოვნებში და რომელია  შედარებით უფრო დაბალანსებული - კონსენსუსური.  რაც შეეხება მწვანე ფილოსოფიას, როგორც მწვანე პოლიტიკის  ფუნდამენტურ და იდეურ საყრდენს,  მასაც გააჩნია თავისი თეორიული განვითარების ეტაპები. ამ ეტაპთაგან ერთ-ერთს, ნამდვილად წარმოადგენდა გასული საუკუნის 70-იანი წლები.  

  1. და მაინც, უპრიანი იქნება თუ,  მთლიანად ამ დუალური საკითხის განხილვას  პირველ  რიგში მაინც ფილოსოფიური აზროვნების წიაღიდან, საერთო საკაცობრიო ღირებულებების შესახებ რწმენიდან  გამომდინარე შევეცდებით.

ამ თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ პირველად „მწვანე ფილოსოფიის“ კონცეფციამ გააერთიანა რამდენიმე დოქტრინალური მნიშვნელობის იდეა. თავისი შინაარსით, ეს იდეები აღნიშნავდნენ  შეუთავსებლობას ყველა იმ საკითხსა და პრობლემაზე, რაც კაცობრიობის მუდმივი ეკონომიკური განვითარების/კეთილდღეობის ილუზიას და ამოწურვად ბუნებრივ რესურსებს შორის არსებობდა. აქედან გამომდინარე, როცა „მწვანე ფილოსოფიას“ ვახსენებთ, მას ცალკე აღებულ კონტექსტში ვერ განვიხილავთ. ის პოლიტიკური იდეოლოგიის ელფერსაც იძენს ლიბერალიზმის, კონსერვატიზმისა თუ სხვა ფილოსოფიური შეხედულებების საფუძველზე წარმოქმნილი იდეოლოგიების მსგავსად. ძირითადი გამყოფი, რაც მათ განასხვავებს მწვანე ფილოსოფიისგან ამ უკანასკნელის ეკოცენტრული და ანთროპოცენტრისტული შინაარსია. მაგალითად, ის რაც წარმოადგენს ლიბერალიზმის ეკონომიკურ პრინციპს მეწარმეობის თავისუფლებისა და სახელმწიფოს მინიმალური ჩარევის სახით - ეკოცენტრული მიდგომით მიუღებელია. რადიკალური ცვლილებების საჭიროების ხედვის გამო, მწვანე იდეოლოგია ტრადიციულ კონსერვატიზმსაც უპირისპირდება. ასეთი შეუთავსებლობის მთავარ ფაქტორს, რაც მწვანე ფილოსოფიასა და სხვა პოლიტიკურ-ფილოსოფიურ იდეოლოგიებს შორის არსებობს, ბუნებრივი რესურსების მოხმარების წესისადმი განსხვავებული დამოკიდებულებაც ქმნის. თუმცა, თუკი საკითხს თანამედროვე პერსპექტივიდან  შევხედავთ, დავინახავთ რომ მწვანე  პოლიტიკა  და ფილოსოფია იმთავითვე სწორად სვამდა საკითხს, რადგან ეკოლოგიური პრობლემები დღეს უკვე  „აღარ სცნობენ“ ცალკეულ იდეოლოგიურ პლატფორმებს შორის განსხვავებებს. XXI საუკუნეში ეს პრობლემები კაცობრიობის გლობალურ გამოწვევად იქცნენ.

მწვანე ფილოსოფია და იდეოლოგია თავის ფუნდამენტურ პრინციპებში იზიარებს ჰოლისტურ მიდგომას, რომელიც ეკოლოგიურ მეცნიერებებში გამოიყენება ცოცხალი ორგანიზმებისა და მათი საცხოვრებელი გარემოს ურთიერთმიმართების აღსაწერად. რამდენადაც ჰოლიზმი და ჰოლისტური მიდგომები თვისებრივ სოციალურ კვლევებშია გაზიარებული, ის ფილოსოფიური ანალიზისთვისაც  მნიშვნელოვან მონაცემებს წარმოადგენს. მწვანე ფილოსოფია ნატურალისტური თეორიის პრინციპებზეა აგებული.  აღნიშნული  სააზროვნო ტრადიციისთვის დამახასიათებელი მდიდარი მემკვიდრეობა კარგად შეეთვისა იმ მოძრაობებისა და პოლიტიკური აქტორების ხედვას, რომლებმაც 1970-იანი წლებიდან ეკოლოგიისა და გარემოს დაცვითი საკითხების ადვოკატირებას მიჰყვეს ხელი. იდეოლოგიური საფუძველი, ცხადია ყველა დიდი წამოწყებისა თუ რეფორმაციის  წინაპირობაა და მათ შორის არც  მწვანე პოლიტიკაა გამონაკლისი. მაშინ, როდესაც მწვანეთა მოძრაობა გლობალური პოლიტიკის ნაწილი ხდებოდა მისი მხარდაჭერა ინტელექტუალურ წრეებშიც იზრდებოდა. ნიშანდობლივია, რომ ასეთი  მხარდაჭერა, სხვადასხვა დისციპლინებში მოღვაწე ავტორებთან ერთად,  ბიოლოგიური მეცნიერებების წარმომადგენელთა მხრიდანაც იქნა დაფიქსირებული.

ერთ-ერთი მათგანი, კონრად ლორენცია. XX საუკუნის ავტორიტეტული მოაზროვნე, რომელსაც 1973 წელს ნობელის პრემია მიენიჭა ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში. ამავე წელს საბოლოო სახით გამოცემულ ნაშრომში - „ცივილიზებული კაციობრიობის რვა მომაკვდინებელი ცოდვა“ - ლორენცი  ონტლოგიური პერსპექტივიდან განიხილავს კაცობრიობის მიერვე თავის თავის საზიანოდ პროვოცირებულ, რვა ძირეულ გამოწვევას. აღნიშნული ნაშრომის გამოცემას, საფუძვლად დაედო  რადიო საუბრები, რომლისადმი მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს ცხადყოფს თავად ავტორის კომენტარი: „ჩემმა ქადაგებამ, რომელიც რადიომ გადასცა, დიდი გამოხმაურება ჰპოვა. ამან ძლიერ გამაოცა. უთვალავი წერილი მივიღე: მოითხოვდნენ ჩემი გამოსვლის დაბეჭდვას. ბოლოს, უახლოესმა მეგობრებმა კატეგორიულად მომთხოვეს, ნაშრომი ფართო მკითხველისთვის ხელმისაწვდომი გამეხადა.“  

ლორენცი აღნიშნულ ნაშრომში ჩამოთვლის იმ რვა „მომაკვდინებელ ცოდვას“ რომლითაც  კაციობრიობა საკუთარი მოქმედებით, თავადვე უქმნის საფრთხეს საკუთარ გარემოსა და მის სიცოცხლისუნარიანობას. ეს საფრთხეებია; ჭარბი მოსახლეობა - შესაბამისად ბუნებრივი რესურსების მოხმარების განუხრელი ზრდა. სასიცოცხლო სივრცის გაჩანაგება - მზარდი ურბანიზაცია და მის საფუძველზე მწვანე საფარის უკონტროლო მოხმარება. შეჯიბრი სხვებთან - კონკურენცია პრინციპით „Homo Homini Lupus Est“ (ადამიანი ადამიანისთვის მგელია). გრძნობების გაციება - სიხარულის განცდის დაკარგვის უნარი, რაც ადამიანის ემოციურ სფეროს ემუქრება. გენეტიკური გადაგვარება - ინფანტილური ქცევის გამოვლინებები  და  სხვადასხვა სამედიცინო პათოლოგიების ზრდა. ტრადიციებისგან მოწყვეტა - საერთო კულტურული ფასეულობებისადმი გაუცხოება. ინდოქტრინაცია - რომელიც თავის მხრივ ინდივიდუალიზმის, პიროვნების წინააღმდეგ მიმართული საფრთხეა. ბირთვული იარაღი - ზემოთ ჩამოთვლილთაგან შედარებით, ლორენცისთვის ყველაზე ნაკლებ მოსალოდნელ საფრთხეს წარმოადგენს.

ის, რაზეც კონრად ლორენცი თავის ნაშრომში საუბრობს, მისივე პრაქტიკულ-სამეცნიერო  მონაცემებს ეყრდნობა. ნობელიანტ მეცნიერს, ცხადია ასეთი დასკვნების გაკეთების საფუძველს კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები აძლევს. ამასთან, ნათელია რომ - „კაცობრიობის რვა მომაკვდინებელი ცოდვის“ ავტორის მსჯელობაში ფილოსოფიური წიაღსვლებიც იკვეთება.  საერთო ჯამში კი, როგორც ლორენცის, ისე იმ პერიოდის  სხვა მეცნიერების მხრიდან,  ადამიანის სასიცოცხლო გარემოსა და მის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ მსჯელობა, სწორედ ფილოსოფიური დისკურსის ნაწილს წარმოადგენს. იმ დისკურსისა, რომელმაც შემდგომში მნიშვნელოვანი სამსახური გაუწია მწვანე პოლიტიკის ფორმირებას  და განსაზღვრა მისი ეთიკური პრინციპები.

         2. მწვანე პოლიტიკა პრაქტიკაში

ზევით, მწვანე პოლიტიკის ფილოსოფიურ  წანამძღვრებზე ვისაუბრეთ. თუმცა, ის რაც საკითხის თეორიულ/იდეურ შინაარსს წარმოადგენს, ცხოვრების პრაქტიკულ ნაწილში, უფრო ზუსტად კი გლობალური პოლიტიკის ავანსცენაზე  მოქმედი მწვანე პოლიტიკის მესვეურთათვის, სპეციფიკური ამოცანების შესრულებას მოითხოვს.  ეს ამოცანები დღეს უფრო რთული, მრავლისმომცველი და კომპლექსური გახდა, ვიდრე მაშინ, როდესაც, მსოფლიოს მასშტაბით, მწვანეთა პოლიტიკურ მოძრაობებს ჩაეყარა საფუძველი.

პირველი პოლიტიკური პარტია, რომელმაც გარემოსა და ეკოლოგიის პრობლემური საკითხები დააყენა სახელმწიფოს დღის წესრიგში ყურადსაღებ გამოწვევად, ავსტალიაში ჩამოყალიბდა 1972 წელს. „ავსტრალიის გაერთიანებული ტასმანიის ჯგუფმა“ შეადგინა საწესდებო მანიფესტი და მისი საქმიანობის ძირითად სფეროდ რამდენიმე მიმართულება განსაზღვრა.  ეს ჯგუფი, პირველ რიგში საკუთარ თავს გარემოს გადარჩენისთვის მებრძოლი გლობალური მოძრაობის ნაწილად განიხილავდა. პარტია ეწინააღმდეგებოდა ყველა ტიპის ბუნებრივი რესურსის ყველა საშუალებით გამოყენებას და მიზნად ისახავდა  სასრგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და წარმოებისას  ახალი ეთიკური სტანდარტების დანერგვას. ავსტრალიის შემდეგ, „მწვანე ტალღა“ სხვა კონტინენტებს, სხვადასხვა სახელმწიფოებსაც აქტიურად მოედო. 

1973 წლის მიწურულს, ინგლისში ჩამოყალიბდა მწვანეთა პარტია, სახელწოდებით - „ხალხი“. ამ პერიოდიდან დღემდე, პარტიის მხარდამჭერთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა, რაც გამოიხატა კიდეც ინგლისის მწვანეთა პარტიის მიერ მოპოვებულ მანდატებში, პარტიის კანდიდატები  აღმსარულებელ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებაში აქტიურად არიან წარმოდგენილნი, ინგლისელი მწვანეეები, ევროპული პოლიტიკის განსაზღვრაშიც თამაშობენ აქტიურ როლს. ამავე პერიოდში, ანტი ატომური და ანტი ბირთვული კამპანიების ხარჯზე,  გაიზარდა  გერმანული და ფრანგული მწვანეთა პოლიტიკური პარტიების პოპულარობაც.  ამ დროიდან  მოყოლებული, მწვანე პოლიტიკის კონცეფციამ, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა  გაეროს გარემოს  პოლიტიკის დღის წესრიგის განსაზღვრასა და მწვანე ალტერნატივის (მწვანე ეკონომიკა, განახლებადი ენერგიები) განვითარების შემდგომ ბედზე.

ათვლის წერტილი, საიდანაც მსოფლიო მთავრობებმა პლანეტის ეკოსისტემის დაცვის საერთო ვალდებულება დაინახეს, 1972 წლის 5-16 ივნისს, შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში გამართული სამიტი იყო. სამიტის ფარგლებში, სახელმწიფოებმა აიღეს ვალდებულება და შექმნეს სამოქმედო გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა გარემოს შენარჩუნებისა და მისი გაჯანსაღებისთვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფას.  სტოკჰოლმის სამიტზე პირველად იდენტიფიცირდა კლიმატის ცვლილების გავლენა პლანეტის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. სამიტის ფარგლებში, მთავრობებმა მიიღეს გაფრთხილება, რომ გაეთვალისწინებინათ ისეთი ქმედებები, რომელთაც სამომავლოდ შეიძლება გამოეწვიათ შეუქცევადი კლიმატური ცვლილებები. 

სტოკჰოლმის შემდეგ, გაეროს ეგიდით, 1992 წელს, უკვე რიო-დე-ჟანეიროს სამიტი გაიმართა. სამიტზე 106 ქვეყანამ ხელი მოაწერა კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციას.  რიოს სამიტის შემდგომ, არანაკლები მნიშვნელობის დოკუმენტს მოეწერა ხელი კიოტოში. კიოტოში მიღებული პროტოკოლი, ზემოაღნიშნული კონვენციებისგან განსხვავებით, ატმოსფეროში გაფრქვევის კონკრეტულ (თითოეული ქვეყნისთვის განსხვავებულ) ზღვრებს (ლიმიტებს, ქვოტებს) ადგენს. ქვეყნებს ეძლევათ უფლება გაფრქვევათა ნაწილი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეასრულონ, ანუ, ემისიებით ივაჭრონ. თუმცა, სკეპტიკოსები, განსაკუთრებით კი მწვანეთა მოძრაობის ლიდერები - ეჭვქვეშ აყენებენ იმის შესაძლებლობას, რომ ოქმით განსაზღვრული მოთხოვნების სრულად შესრულების მიუხედავადაც კი,  გლობალური დათბობის ზრდის ტემპერატურული მაჩვენებელი შემცირდება.

კლიმატის ცვლილების, გლობალური დათბობის და პლანეტის სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების მიზნით გამართული საერთაშორისო კონფერენციებში, სამიტებსა და ამ სამიტებზე მიღწეული შეთანხმებებში,  ცხადია, მნიშვნელოვანი პირდაპირი და ირიბი წვლილი მიუძღვის მწვანე პოლიტიკურ მოძრაობას და სამოქალაქო აქტივიზმს. ამ იდეოლოგიამ და მისმა ფილოსოფიურმა კონცეპტმა, ნათლად აჩვენა თანამედროვე კაცობრიობის წინაშე მდგარი გლობალური გამოწვევები და გარკვეულწილად შემოგვთავაზა კიდეც მასზე რეაგირების გარკვეული მექანიზმები.

მოკლედ რომ შევაჯამოდ, მწვანე იდეოლოგია დღეს უფრო მეტს ნიშნავს ჩვენთვის, ვიდრე, უბრალოდ რომელიმე პოლიტიკურ-იდეოლოგიური მიმდინარეობა. როგორც თავში ავღნიშნეთ, დღეს კლიმატის ცვლილებები  არ სცნობენ ამ განსახვავებებს, არც სახელმწიფოთა სიმდიდრისა თუ სიღარიბის ინდექსია განმსაზღვრელი  იმისა, თუ რომელ ქვეყანას შეიძლება დაემუქროს უფრო მეტი ან ნაკლები საფრთხე.  ცხადი მხოლოდ ერთადერთი რამაა: გარემოს გადარჩენისთვის ბრძოლაში ან ერთად ვიმარჯვებთ ან ერთადვე ვმარცხდებით.

ბიბლიოგრაფია: